1757679034
ირაკლი კობახიძე ბორჯომის ცენტრალური პარკის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, ბორჯომის ცენტრალური პარკის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო.
მთავრობის მეთაურმა პარკში მიმდინარე და დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა და პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძისგან მიიღო.
ამ ეტაპისთვის რეაბილიტაცია უტარდება კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ბორჯომის ყოფილ ქარხანას, აქტიურად მიმდინარეობს შენობის ფასადის სრული რესტავრაცია.
პროექტი ითვალისწინებს ბორჯომის ისტორიული პარკის სრულ განახლებას, მათ შორის, დაგეგმილია გასართობი, საბავშვო, სპორტული მოედნების მოწყობა და საფეხმავლო ბილიკების განახლება.
აქტიურ ფაზაშია პარკის სპორტული სივრცეების რეაბილიტაცია. უკვე დასრულებულია პადელის სამი კორტის მშენებლობა, მიმდინარეობს მულტიფუნქციური სტადიონისა და სკეიტ პარკის მოწყობა.
პარკის გასართობ ზონაში განთავსდა ახალი ატრაქციონები, მოეწყო ახალი მოსასვენებელი სივრცე, სრულად განახლდა სადრენაჟე და სარწყავი სისტემები.
პარკი სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის.
ბორჯომის ცენტრალური პარკის რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება 35 მილიონი ლარია.