1750275052
გიორგი შარაბიძე: ჩვენ ვერავის ავუკრძალავთ პოლიტიკური კამპანიისას სხვადასხვა რიტორიკის გამოყენებას, მაგრამ იმის უფლება ნამდვილად გვაქვს, ჩვენს ამომრჩეველს ავუხსნათ, სინამდვილეში რა პროცესი როგორ მიმდინარეობს

ჩვენ ვერავის ავუკრძალავთ სხვადასხვა პოლიტიკური კამპანიისას სხვადასხვა რიტორიკის გამოყენებას, მაგრამ იმის უფლება ნამდვილად გვაქვს, ჩვენს ამომრჩეველს ავუხსნათ, სინამდვილეში რა პროცესი როგორ მიმდინარეობს და რის უკან რა დგას, - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი შარაბიძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
მან აღნიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციების დისკრედიტაციის მცდელობა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოშია გავრცელებული.
„ეს რომ გამოწვევაა ზოგადად, ეს ახალი არ არის არა მხოლოდ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციისთვის, არამედ ფაქტობრივად, მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ამას ადასტურებს ყველა მიუკერძოებელი ინსტიტუციის გამოკითხვა, რომ 95% შემთხვევაში საარჩევნო ადმინისტრატორები არიან ხოლმე დეზინფორმაციის და სხვადასხვა არასწორი კამპანიის მსხვერპლი.
შესაბამისად, ჩვენი განცხადებები ემსახურება იმას, რომ ამომრჩეველს ჰქონდეს სრული და ობიექტური ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რა და როგორ ხდება.
ცხადია, ჩვენ ვერავის ავუკრძალავთ სხვადასხვა პოლიტიკური კამპანიისას სხვადასხვა რიტორიკის გამოყენებას, მაგრამ იმის უფლება ნამდვილად გვაქვს, ჩვენს ამომრჩეველს ვუთხრათ, ავუხსნათ, სინამდვილეში რა პროცესი როგორ მიმდინარეობს და რის უკან რა დგას.
ის, რომ ბოლო, ბოლოს წინა არჩევნებზე გარკვეული ტიპის კამპანიები სპეციალურად იგეგმებოდა იმისთვის, რომ შელახულიყო საარჩევნო ადმინისტრაციის - ხელმძღვანელების, წევრების, თანამშრომლების რეპუტაცია, ეს ხომ ცხადზე ცხადია. აქედან გამომდინარე, ჩვენ განვაცხადეთ და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ გვაქვს მაღალი ანგარიშვალდებულება საკუთარი ამომრჩევლის მიმართ და შესაბამისად ყოველთვის ყველაფერს ვიტყვით ისე, როგორც არის სინამდვილეში”, - განაცხადა გიორგი შარაბიძემ.
ცესკომ დღეს გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ „მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მოახლოებასთან ერთად დაინტერესებული მხარეების მიერ საარჩევნო ადმინისტრაციის და ზოგადად საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციის მცდელობის ფაქტები კიდევ უფრო ინტენსიურ ხასიათს იღებს“.