1750092984
ნახეთ, საგამოცდო ბარათების ამობეჭდვის დრო და ინსტრუქცია ყველა გამოსაცდელისთვის

2025 წლის აბიტურიენტებს, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეებს, მაგისტრანტობის კანდიდატებს, მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა 20 ივნისის შემდეგ შეეძლებათ – სწორედ ამ დროს გამოუჩნდება თითოეულ გამოცდებზე რეგისტრირებულ აპლიკანტს პირადი განრიგი სარეგისტრაციო გვერდზე.
როგორ ხდება საგამოცდო ბარათის ამობეჭდვა და გამოსაცდელებისათვის რამდენად მნიშვნელოვანი დოკუმენტია?
საგამოცდო ბარათზე მოცემულია: საგამოცდო ცენტრის მისამართი, თითოეული გამოცდის თარიღი, გამოცდაზე რეგისტრაციის დაწყების დრო და სხვა მნიშვნელოვანი რეკომენდაციები, შესაბამისად, აუცილებელია მისი კარგად გაცნობა და პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად მისი საგამოცდო ცენტრში წარდგენა.
საგამოცდო ბარათის ამობეჭდვის დეტალური ინსტრუქცია: გამოსაცდელი ვებგვერდზე online.naec.ge გამოყოფილ სპეციალურ ველებში უთითებს პირად თერთმეტნიშნა ნომერს, ცენტრის მიერ გაგზავნილ ხუთნიშნა კოდს და შედის საკუთარ გვერდზე, რომელზეც გაიარა რეგისტრაცია. გამოსაცდელი მიჰყვება ბმულს – „დაბეჭდეთ თქვენი საგამოცდო ბარათი“. ბარათი შეგიძლიათ დაიმახსოვროთ და ამობეჭდოთ ნებისმიერ დროს მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში.
მნიშვნელოვანია, რომ ბარათზე მითითებული ყველა ინფორმაცია დაიბეჭდოს მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტის, ლაქებისა და ა. შ.) გარეშე. ბარათის ამობეჭდვა გამოსაცდელებს შეუძლიათ შავ-თეთრად სტანდარტულ თაბახის ფურცელზე (A4).
რა უნდა ვიქონიოთ თან გამოცდებზე?
პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად საგამოცდო ბარათის წარდგენა გამოცდებზე დაშვების აუცილებელი პირობაა. მნიშვნელოვანია ყურადღებით გაეცნოთ საგამოცდო ბარათზე მითითებულ ინფორმაციას და გაითვალისწინოთ, რომ რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოცდაზე გამოსაცდელი აღარ დაიშვება.
სურვილის შემთხვევაში გამოსაცდელს ასევე შეუძლია თან იქონიოს: წყალი პლასტმასის ბოთლით; საწერი კალამი შესაბამისი პარამეტრებით (გელიანი (ე. წ. ტუშის), შავი ფერის, 0,5-0,7 მმ. ბურთულიანი წვერით). გამოცდაზე არ შეიძლება მობილური ტელეფონისა და ნებისმიერი ელექტრონული ხელსაწყოს, მათ შორის, გამორთულ მდგომარეობაში შეტანა. დამატებითი ნივთების დატოვება შესაძლებელი იქნება ნივთების შესანახ სივრცეში.