გიორგი კახიანი: გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, თუ რატომ მოხდა ზვიად რატიანის დაკავება - იგი პოლიციელთან მივიდა, მას ესაუბრებოდა და ხელი გაარტყა პოლიციელს. სამართლებრივად, ეს არის თავდასხმა პოლიციელზე

 გიორგი კახიანი

სამართლებრივად, ეს არის თავდასხმა პოლიციელზე, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა ვიდეოკადრების შესახებ, რომლებზეც ასახულია, როგორ გაარტყა ხელი ზვიად რატიანმა პოლიციელს.

„გავრცელდა კადრები, რომელიც სრულიად შემთხვევით ქუჩის კამერით არის დაფიქსირებული სადაც ჩანს, თუ რატომ მოხდა ზვიად რატიანის დაკავება. კერძოდ, ჩანს, რომ იგი პოლიციელთან მივიდა, მას ესაუბრებოდა და ხელი გაარტყა პოლიციელს. სამართლებრივად, ეს არის თავდასხმა პოლიციელზე.

კამერით გადაღებულ კადრში ჩანს ისიც, რომ ის პიროვნება, ვინც გაავრცელა ზვიად რატიანის დაკავების კადრები, ასევე იღებდა იმ ფაქტსაც, თუ რატომ მოხდა მისი დაკავება. ეს ყველაფერი ერთ მარტივ მიზანს ემსახურება, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ - საზოგადოებას ატყუებენ, დეზინფორმაციას ავრცელებენ იმიტომ, რომ ამ ყველაფერს ისევ მოაყოლონ შეფასებები, თითქოს, პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს, თითქოს, დიქტატურა მყარდება ქვეყანაში”, - განაცხადა გიორგი კახიანმა.

ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ურტყამს ზვიად რატიანი ხელს პოლიციელს.

პროკურატურამ პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე ზვიად რატიანს ბრალდება წარუდგინა.