ტრაგედია თათა გიორგობიანის ოჯახში
1750881103
ვრცელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს სამძიმრის წერილი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„მის უნეტარესობას, ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქ იოანე X-ს,
თქვენო უნეტარესობავ,
ღრმა მწუხარებითა და უდიდესი გულისტკივილით შევიტყვეთ ცნობა დამასკოში, წმინდა ელია წინასწარმეტყველის ტაძარში, მომხდარი ტერორისტული აქტის შესახებ, რომელსაც 20-ზე მეტი მართლმორწმუნე ქრისტიანი შეეწირა და მრავალი დაშავდა.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, ქართველი ერისა და პირადად ჩემი სახელით სამძიმარს გიცხადებთ თქვენ და თქვენს სამწყსოს და გთხოვთ, ჩვენი თანადგომა გადასცეთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.
ტერორიზმი დაუშვებელი და მიუღებელია ცივილიზებული საზოგადოებისათვის.
სამყარო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, სავსეა ტკივილითა და მწუხარებით, მაგრამ გვანუგეშებს მაცხოვრის სიტყვები: - „მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა.” (მთ.28:20)
ამ რწმენით, ამ იმედით განამტკიცოს უფალმა თქვენი სამწყსო და კვლავაც მოგმადლოთ ძალა ჭეშმარიტების ერთგულებისა და ამ გზით დაუბრკოლებელი სვლისა.
ვლოცულობთ დაშავებულთა გამოჯანმრთელებისა და მშვიდობისათვის როგორც თქვენს ქვეყანაში, ისე მსოფლიოში.
ქრისტესმიერი სიყვარულით,
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის“, - ნათქვამია სამძიმრის ტექსტში.