"ეს ყოვლად მიუღებელია, ყველა გაგებით, რადგან ნებისმიერ დემოკრატიულ საზოგადოებაში ყველას უფლებაა, რომ მიმართოს სასამართლოს და იდავოს სამართლებრივი გზით" - ლევან მახაშვილი ევროპის საბჭოს მომხსენებლების განცხადებაზე

ლევან მახაშვილი

ევროპის საბჭოს მომხსენებლების განცხადებას, რომელიც გმობს "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, თბილისში პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. მმართველი გუნდი ევროპული კონვენციის პრინციპების დარღვევაზე საუბრობს. "ქართული ოცნებისთვის" უპრეცედენტოა, როდესაც დემოკრატიის მთავარი პრინციპის - სასამართლოსთვის მიმართვის უფლების გამოყენება კრიტიკის მიზეზია.

სახელისუფლებო გუნდი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ უმაღლესი დონის საერთაშორისო ინსტიტუციების კონვენციებში პირდაპირ წერია, რომ სასამართლოსათვის მიმართვის უფლება არის აბსოლუტური უფლება და მისი შეზღუდვა დაუშვებელია.

"ეს ყოვლად მიუღებელია, ყველა გაგებით, რადგან ნებისმიერ დემოკრატიულ საზოგადოებაში ყველას უფლებაა, რომ მიმართოს სასამართლოს და იდავოს სამართლებრივი გზით. ასეთ შემთხვევებში, როცა საქმე ეხება პარტიების აკრძალვის საკითხს, ეს არის საკონსტიტუციო სასამართლოს პრეროგატივა, კონსტიტუციური პროცესი, ყველა დემოკრატიულ, მათ შორის, ევროპულ სახელმწიფოებში.

ამიტომ, ჩვენთვის ყოვლად მიუღებელია კრიტიკა და დაგმობა უფლების, რომ ჩვენ უფლება არ გამოვიყენოთ სასამართლოსთვის მიმართვის ნაწილში. სხვა მხრივ, ჩვენ მზად ვართ, მოვისმინოთ ნებისმიერი არგუმენტი, რომელიც ეხება სარჩელში გახმოვანებულ ჩვენს არგუმენტებს და მზად ვართ, ნებისმიერ კითხვაზე გავცეთ თამამად და ღიად პასუხი, - საკონსტიტუციო სასამართლოსი სწორედ ამას ვაპირებთ," - აცხადებს ლევან მახაშვილი.

ევროსაბჭოს განცხადებას ორი ავტორი ჰყავს, ესენი არიან საქართველოს საკითხზე თანამომხსენებლები - ბერნდ ფორინგერი და სტიუარტ დიკსონი.