1757679034
არჩილ გორდულაძე გერმანიის ელჩზე: ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაა, როდესაც ელჩი ესწრება სასამართლო პროცესს, თან იმ ენაზე, რომელიც არ ესმის, ჩარევა არის როცა ხვდება ადამიანებს, რომლებიც გამორჩეულები არიან ფაშისტური განცხადებებით

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე გავლენიანი გერმანული გამოცემის სტატიას გამოეხმაურა, რომელიც საქართველოში გერმანიის ელჩის საქმიანობას ეხება. დეპუტატი იზიარებს სტატიის პათოსს და აცხადებს, რომ გერმანიის ელჩი თავისი ქმედებებით, საქართველოს შიდა საქმეებში ერეოდა.
„ჩარევა არის მაგალითად, როდესაც ელჩი ესწრება სასამართლო პროცესს, თან იმ ენაზე, რომელიც საერთოდ არ ესმის; ჩარევა არის როდესაც ხვდება ადამიანებს, რომლებიც გამორჩეულები არიან ფაშისტური და ნაცისტური განცხადებებით; ჩარევა და ამავდროულად ეტიკეტის დარღვევაა, როდესაც გერმანიის საელჩო ქირაობს კერძო საკუთრებას, სადაც საელჩოა განთავსებული, მაგალითად ერთ-ერთი ეგრეთ წოდებული ოპოზიციური პარტიის ოჯახის წევრისგან“, - აცხადებს გორდულაძე.
გავლენიანი გერმანული გამოცემა Spiegel-ი საქართველოში გერმანიის ელჩის საქმიანობას სტატიას უძღვნის და ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებიდან იმ ციტატებს აქვეყნებს, რომლითაც ისინი გერმანიის ელჩს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევასა და დიპლომატიური ჩარჩოებიდან გასვლაში ადანაშაულებს.