არჩილ გორდულაძე: ფაქტია, რომ ბიუროკრატიისთვის არავითარ საფუძველს, არავითარ ობიექტურად შეფასებად კრიტერიუმებს აზრი არ აქვს. აქცენტირება პოლიტიკურ მიზანშეწონილობაზე ხდება

არჩილ გორდულაძე

ფაქტია, რომ ბიუროკრატიისთვის არავითარ საფუძველს, არავითარ ობიექტურად შეფასებად კრიტერიუმებს აზრი არ აქვს, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ.

იგი პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომელიც საქართველოსა და მოლდოვას ეკონომიკურ მდგომარეობას ეხება.

„ფაქტია, რომ ბიუროკრატიისთვის არავითარ საფუძველს, არავითარ ობიექტურად შეფასებად კრიტერიუმებს არავითარი აზრი არ აქვს. პოლიტიკურ მიზანშეწონილობაზე ხდება აქცენტირება. ზუსტად იგივე იყო რამდენიმე წლის წინ, როდესაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა მოლდოვასა და უკრაინას, ჩვენზე ადრე. დაუმსახურებლად გვეთქვა ჩვენ უარი და არავითარი ახსნა ამ ყველაფერში არ იყო. ზუსტად იგივე გრძელდება“, - განაცხადა გორდულაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც ეხება საქართველოსა და მოლდოვის ეკონომიკურ მონაცემებს. შალვა პაპუაშვილი ორი ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას მიმოიხილავს და ერთამანეთს ადარებს.