თურქეთის ოპოზიცია ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის დიპლომს ეჭვქვეშ აყენებს

ჰაკან ფიდანი

თურქეთის ოპოზიცია ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის დიპლომს ეჭვქვეშ აყენებს, – ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. როგორც გამოცემა „თურქიშ მინითი“ წერს, თურქეთის მთავარი ოპოზიციურ პარტიის ლიდერმა, ნამიკ ტანმა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰაკან ფიდანის უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი ეჭვქვეშ დააყენა.

ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა 1997 წელს აშშ-ის მერილენდის უნივერსიტეტში მიიღო ბაკალავრის დიპლომი პოლიტოლოგიასა და ადმინისტრაციული საქმეების სპეციალობით, სადაც იგი არმიაში სამსახურის პარალელურად სწავლობდა. მიუხედავად იმისა, რომ ფიდანმა სამი წელი ისწავლა და არა ოთხი, როგორც ამას თურქეთის კანონმდებლობა მოითხოვს, 1998 წელს მას ბაკალავრის დიპლომი მაინც მისცეს.

როგორც თურქეთის ოპოზიცია ამტკიცებს, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაგისტრატურაზე სწავლა 1997 წელს დაიწყო, მაშინ, როდესაც თურქეთის განათლების სამინისტროს ჯერ კიდევ არ ჰქონდა დადასტურებული მის მიერ მიღებული ბაკალავრის დიპლომის ლეგიტიმურობა, რაც ეჭვქვეშ აყენებს ფიდანის მიერ მიღებულ დოკუმენტებს.

ოპოზიციონერი დეპუტატები თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მოუწოდებენ, გაასაჯაროოს მის მიერ მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რადგან ეს „საზოგადოებრივი ნდობისა და კანონის უზენაესობის საკითხებს ეხება“.

ცნობისთვის, ეს არაა პირველი შემთხვევა როდესაც თურქეთში პოლიტიკოსებს დიპლომების გაყალბებაში ადანაშაულებენ. მანამდე ანალოგიური ბრალდება წაუყენეს სტამბოლის ოპოზიციონერ მერს, ეკრემ იმამოღლუსაც.