„ცაჰალი“: ისრაელის თავდაცვის ძალებმა ირანის დასავლეთში მდებარე ჰაერსაწინააღმდეგო სისტემაზე მასშტაბური თავდასხმა დაასრულა

ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა

ისრაელის თავდაცვის ძალების („ცაჰალის“) ინფორმაციით, მათ ირანის დასავლეთ ნაწილში მდებარე ჰაერსაწინააღმდეგო სისტემაზე მასშტაბური თავდასხმა დაასრულეს.

„უკანასკნელ საათებში ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალების გამანადგურებლებმა, დაზვერვის უწყების მიერ მოწოდებული სადაზვერვო მასალების გამოყენებით, ირანის დასავლეთში მდებარე ირანული რეჟიმის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემაზე მასშტაბური დარტყმები დაასრულეს“, - ნათქვამია „ცაჰალის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ისრაელის თავდაცვის არმიის განცხადებით, მათ გაანადგურეს ათობით ირანული რადარი და „ხმელეთი-ჰაერის“ კლასის რაკეტების გამშვები დანადგარი.

ცნობისთვის, ისრაელმა გამთენიისას ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია, სახელწოდებით „აღმავალი ლომი“ დაიწყო. ოპერაციის ფარგლებში დაიბომბა ირანის ბირთვული ობიექტები, ლიკვიდირებული არიან ირანის უმაღლესი სამხედრო თანამდებობის პირები და მეცნიერ-ფიზიკოსები, რომლებიც ბირთვულ პროგრამაზე მუშაობდნენ.