სირიაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები სექტემბერში გაიმართება

სირია

სირიაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები სექტემბერში გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას სირიის სახელმწიფო სააგენტო „სანა“ ავრცელებს.

სირიის საკანონმდებლო ორგანოს – სახალხო საბჭოს ახალი შემადგენლობის ფორმირების მიზნით კენჭისყრა 15-დან 20 სექტემბრამდე ჩატარდება.

როგორც სირიის საარჩევნო კომისიის ახალი ხელმძღვანელი მოჰამედ ტაჰ ალ-აჰმადი აცხადებს, მან უკვე წარუდგინა საპარლამენტო არჩევნების ჩატარების გეგმა სირიის პრეზიდენტს. მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც სირიის ლიდერი აჰმედ აშ-შარაა ხელს მოაწერს შესაბამის განკარგულებას, დაიწყება საარჩევნო ორგანოების ფორმირების პროცესი და კანდიდატები შეძლებენ დებატების გამართვისთვის განაცხადების გაკეთებას.

გეგმის თანახმად, სირიის სახალხო საბჭოში 210 დეპუტატი იქნება წარმოდგენილი. მათგან მხოლოდ 2/3-ს აირჩევს მოსახლეობა, 70-ს კი, პრეზიდენტი დანიშნავს. გარდამავალ ეტაპზე სირიის პარლამენტი შეიმუშავებს ახალ კანონმდებლობას და მონაწილეობას მიიღებს ქვეყნის ახალი კონსტიტუციის შედგენის პროცესში.

დროებითი პარლამენტი სამი წლის ვადით იქნება არჩეული. ამასთან, საკანონმდებლო ორგანოს ექნება ქვეყნის პრეზიდენტის გადაყენების ან მისი უფლებამოსილების შეჩერების შესაძლებლობა.

ცნობისთვის, სირიაში ბაშარ ასადის მმართველობის დროს საპარლამენტო არჩევნები რამდენჯერმე ჩატარდა, თუმცა სირიის ოპოზიციასა და დასავლეთის ქვეყნებს მათი შედეგი არ უღიარებიათ.