1746008707
სასამართლოს გადაწყვეტილებით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ „რადიო თავისუფლებას“ 12 მილიონი დოლარი უნდა გამოუყოს

სასამართლოს გადაწყვეტილებით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ „რადიო თავისუფლებას“ 12 მილიონი დოლარი უნდა გამოუყოს. შესაბამისი განკარგულება, რომელიც ფედერალურმა მოსამართლე რაის ლამბერტმა გასცა, ითვალისწინებს მედიაკორპორაციისთვის კონგრესის მიერ გამოყოფილი დაფინანსების გადაცემას. ინფორმაიცას ამის შესახებ „ასოშიეთედ პრესი“ ავრცელებს.
სასამართლომ დაასკვნა, რომ ტრამპის ადმინისტრაციას არ აქვს უფლება ერთი პიროვნული გადაწყვეტილებით მოახდინოს კონგრესის მიერ „რადიო თავისუფლების“ ფუნქციონირებისთვის გამოყოფილი თანხების ბლოკირება.
„რადიო თავისუფლების“ იურისტები აცხადებენ, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ შტატგარეშე მომუშავე ჟურნალისტების ყველა კონტრაქტი გაწყვიტა, უარი თქვა ქირის გადასახადზე და 122 თანამშრომელი გაათავისუფლა. თუ დაფინანსება 1 მაისამდე არ განახლდება, მაშინ მედიაორგანიზაციის კიდევ უფრო მეტი თანამშრომელი დარჩება უსამსახუროდ.
თავის მხრივ, აშშ-ის მთავრობის ადვოკატები აცხადებენ, რომ ეს დავა ფედერალურმა სასამართლომ უნდა განიხილოს.
ცნობისთვის, „რადიო თავისუფლებამ“ 2025 წლის ბოლომდე ფედერალური მთავრობისგან კონგრესის მიერ გამოყოფილი კიდევ 77 მილიონი დოლარი უნდა მიიღოს.
„რადიო თავისუფლება“ 1953 წელს დაფუძნებული დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციაა. ის აშშ-ის „გლობალური მედიის სააგენტოსთვის“ კონგრესის მიერ გამოყოფილი თანხებით ფუნქციონირებს. თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც 7 სააგენტოს საქმიანობა შეიზღუდა. მათ შორისაა „გლობალური მედიის სააგენტო“.