საფრანგეთის პრემიერი აცხადებს, რომ მთავრობა გეგმავს სკოლებში დამატებითი უსაფრთხოების ჭიშკრების დაყენებას

ფრანსუა ბაირუ

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ფრანსუა ბაირუ აცხადებს, რომ მთავრობა გეგმავს სკოლებში დამატებითი უსაფრთხოების ჭიშკრების დაყენებას.

აღნიშნული ინიციატივა პრემიერმა მას შემდეგ წარადგინა, რაც საფრანგეთის ზემო მარნის რეგიონის ერთ-ერთი დასახლების სკოლაში სავარაუდოდ 14 წლის მოსწავლემ სკოლის ასისტენტი დანით სასიკვდილოდ დაჭრა. მოზარდი დაკავებულია და პოლიციაში მისი დაკითხვა მიმდინარეობს. პროკურატურაში ამბობენ, რომ ეჭვმიტანილმა სკოლის თანამშრომელს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

სკოლის 31 წლის თანამშრომლის მკვლელობა საფრანგეთის პოლიტიკურ წრეებში დაგმეს.

„ერი გლოვობს და მთავრობა მობილიზებულია დანაშაულის შესამცირებლად“, – დაწერა პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.

პარლამენტში გამოსვლისას პრემიერმა განაცხადა, რომ ეს მკვლელობა არ იყო ცალკეული ინციდენტი და საფრანგეთი ვერ უგულებელყოფს ბავშვებში ძალადობის ტალღას.

„ჩვენ ვერ დავრჩებით გულგრილი და ვერ ვუყურებთ ხელებჩამოშვებული ამ მზარდ ტალღას. მთავრობა გეგმავს, გადადგას ნაბიჯი ექსპერიმენტის სახით სკოლების შესასვლელებში უსაფრთხოების ჭიშკრების დაყენებით“, – თქვა ბაირუმ და აღნიშნა, რომ დანებზე დამატებითი აკრძალვები დაწესდება, ვინაიდან ზოგიერთი ტიპის დანა ამჟამად არ მიიჩნევა იარაღად.

თავდასხმა საფრანგეთის სკოლაში იმავე დღეს მოხდა, როდესაც ავსტრიის ქალაქ გრაცის სკოლაში შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა და ცხრა ადამიანი მოკლა.