რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ულტრამემარჯვენე კანდიდატის, ჯორჯე სიმიონის შუამდგომლობა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგების გაუქმების შესახებ

რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლო

რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ულტრამემარჯვენე კანდიდატ ჯორჯე სიმიონის შუამდგომლობა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგების გაუქმების შესახებ.

„საკითხის განხილვის შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლომ ერთხმად არ დააკმაყოფილა არჩევნების შედეგების გაუქმების შესახებ შუამდგომლობა, როგორც უსაფუძვლო. გადაწყვეტილება საბოლოოა და მიეწოდა ცენტრალურ საარჩევნო ბიუროს“, – აღნიშნულია სასამართლოს განცხადებაში.

საპასუხოდ, ჯორჯე სიმიონმა მხარდამჭერებს ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდა.

ამასთან, დღეს სხდომაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა ოფიციალურად დაამტკიცეს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები. სხდომას ესწრებოდნენ არჩევნებში გამარჯვებული ნიკუშორ დანი და დროებითი პრეზიდენტი.

ცნობისთვის, 18 მაისს რუმინეთში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ბუქარესტის მერმა, ნიკუშორ დანმა, ულტრამემარჯვენე კანდიდატი ჯორჯე სიმიონი დაამარცხა. მან ხმების 53,60% მიიღო. მოგვიანებით, ჯორჯე სიმიონმა განაცხადა, რომ  არჩევნების შედეგებს გაასაჩივრებდა.