ალექსანდრე რაქვიაშვილი: აქტივისტი რომ რაღაცას ისვრის, ამას ტელევიზორში აჩვენებენ როგორც გმირობას - გაწირეს 50 ახალგაზრდა და ოპოზიცია თქვენს როლს როგორ ვერ ხედავთ

 ალექსანდრე რაქვიაშვილი

უამრავი ვიდეოა, სადაც ლანძღავენ პოლიციელებს, გინება მიდის და ჩვეულებრივი ახალგაზრდა ბიჭი დგას, უყურებს ამ პოლიტიკოსებს, ტელევიზორში ხდება მთელი ამბავი და ჰგონია, რომ კარგ საქმეს აკეთებს, მაგრამ მერე მას ზურგს არავინ უმაგრებს, - განაცხადა „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

მისი თქმით, როდესაც ახალგაზრდა ხედავს, რომ მედია და პოლიტიკოსები, აქტივისტის მიერ რაიმე საგნის სროლად გმირობად მიიჩნევენ, შემდეგ მოდის და იმავეს იმეორებს, ვინაიდან, ეს კარგი საქმე ჰგონია.

„არის ადამიანი, პოლიტიკური აქტივისტი, ტელევიზორი და ეს აქტივისტი რომ რაღაცას ისვრის, ამას მერე ტელევიზორში აჩვენებენ როგორც გმირობას, მერე ახალგაზრდა ბიჭი მოდის და ჰგონია, რომ კარგ საქმეს აკეთებს და შენ არ დგახარ იმ მომენტში და არ ყვირი, "ხალხო, არ ქნათ ეს, რევოლუციას არ „ვხოდავთ“ ჩვეულებრივი წაქეზება ხდებოდა, ადამიანების გმირებად წარმოჩენა ხდებოდა, როცა ამ სიტუაციაში პოლიტიკოსები იყვნენ უკან და არანაირ რევოლუციას არავინ არ „ხოდავდა". ახალგაზრდა ბიჭს რომ შეიძლება ეგონოს, რომ ის გმირია, ეს ძალიან მარტივია.“ - აღნიშნა რაქვიაშვილმა.

მისვე განცხადებით, აქციებზე წაქეზება და ადამიანების გმირებად წარმოჩენა ხდებოდა, ამის გამო, 50 ახალგაზრდა გაიწირა და ოპოზიცია ამ ყველაფერში საკუთარ პასუხისმგებლობას უნდა ხედავდეს, ვინაიდან, მათ არ განაცხადეს, რომ პროტესტი მშვიდობიან ფორმებში უნდა გამართულიყო და არანაირი რევოლუცია არ იგეგმებოდა. „აქეთ მხარეს, პოლიტიკოსებს, 4-5-9-25 პარტიებს რომ ეთქვათ, რომ არანაირ რევოლუციას არ

„ვხოდავთ“ ხალხო, მკაფიოდ მშვიდობიანი პროტესტია ეს. „ფეიკ-რევოლუცია „მოიხოდა“, რომელზეც გასწირეს 50 ახალგაზრდა და ოპოზიცია თქვენს როლს როგორ ვერ ხედავთ, რომ ეს ყველაფერი წააქეზეთ? იმის ნაცვლად, რომ გეთქვათ, ხალხო, ჩვენ არანაირ რევოლუციას არ ვაკეთებთ, არავის ესროლოთ, ფეიერვერკებს არ გიყიდით, ჯარიმებს არ გადაგიხდით,“ - განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.