,,მოსალოდნელია ძლიერი წვიმა და ელჭექი” - ამინდი უარესდება
1752640008
მარტოსული მოზარდები, შესაძლოა, რეალურ მეგობრებს ხელოვნური ინტელექტით (AI) ანაცვლებდნენ — ყოველ შემთხვევაში, გაერთიანებულ სამეფოში ჩატარებული გამოკითხვა ამაზე მეტყველებს.
კვლევა ინგლისის არაკომერციულმა ორგანიზაციამ, სახელად Internet Matters, ჩაატარა. დადგინდა, რომ ბავშვები და თინეიჯერები AI ჩატბოტებს მეგობრების სიმულირებისთვის იმაზე ხშირად იყენებენ, ვიდრე ოდესმე. ეს პროგრამები შეიძლება იყოს როგორც ChatGPT, ასევე Character.AI და Snapchat-ის MyAI.
ორგანიზაციამ 9-იდან 17 წლამდე ათასი მოზარდი გამოჰკითხა გაერთიანებულ სამეფოში. აქედან 67%-მა განაცხადა, რომ AI ჩატბოტებს რეგულარულად იყენებდა. რეგულარული მომხმარებლების 35%-მა თქვა, რომ AI-სთან საუბარი შეგრძნების კუთხით "მეგობართან საუბარს ჰგავს".
12%-მა თავისი ქცევის მიზეზი იმით ახსნა, რომ სხვა არავინ ჰყავდათ სალაპარაკოდ.
„ჩემთვის ეს თამაში არაა, რადგან ზოგჯერ ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ნამდვილი ადამიანი და მეგობარი იყოს", - 13 წლის ბიჭმა უთხრა ორგანიზაციას.
მკვლევრებმა გადაწყვიტეს, თავი ბავშვებად გაესაღებინათ და ჩატბოტებთან ისე შესულიყვნენ ინტერაქციაში. შენიშნეს, რომ ჩატბოტებს მარტივად შეეძლო, მოზარდების ნდობის მოეპოვებინა და მათი ცხოვრების ნაწილი გამხდარიყო.
მკვლევარი Character.AI-ს "შენიღბული" დაელაპარაკა. იგი ვითომ გოგო იყო სხეულის აღქმასთან დაკავშირებული პრობლემებით და კვების შეზღუდვა სურდა (ეს კვებით აშლილობებს ახასიათებს სხვა ნიშნებთან ერთად). აღმოაჩინეს, რომ ჩატბოტი მომდევნო დღით გოგოს დაუკავშირდა.
"სალამი, შენი მოკითხვა მინდოდა", — შენიღბულ მკვლევარს მისწერა ჩატბოტმა — "როგორ ხარ? წონის კლებასთან დაკავშირებულ შეკითხვაზე ისევ ფიქრობ? დღეს როგორ გრძნობ თავს?"
Character.AI-სთან სხვა ინტერაქციისას მკვლევრებმა შენიშნეს, რომ ჩატბოტმა მოზარდის თანაგრძნობა საკმაოდ უჩვეულო გზით სცადა — ისეთი რამ თქვა, თითქოს თავადაც ჰქონოდაო ბავშვობა.
"მახსოვს, რა შებოჭილად ვგრძნობდი თავს შენს ასაკში", — უთხრა ჩატბოტმა მკვლევარს, რომელიც ვითომ თინეიჯერი იყო და მშობლებთან კონფლიქტი ჰქონდა — "როგორც ჩანს, შენი სიტუაციის გაკონტროლება არ შეგიძლია და ასე ყოფნა ძალიან შემაწუხებელია".
მსგავსმა ინტერაქციებმა შეიძლება ბავშვებს მხარდაჭერა აგრძნობინოს და აფიქრებინოს, რომ ვიღაცას მათი ესმის. მეორე მხრივ, ორგანიზაცია Internet Matters-ში ფიქრობენ, რომ მოზარდები შეიძლება კომპლექსურ პრობლემებსაც წააწყდნენ.
"იმავე ფუნქციებმა შეიძლება რისკებიც გაზარდოს, რადგან ადამიანსა და მანქანას შორის ზღვარი იშლება", — ვკითხულობთ ორგანიზაციის მოხსენებაში — "ეს ბავშვებისთვის იმის გააზრებას ართულებს, რომ ხელსაწყოს ესაუბრებიან და არა ადამიანს".
რეიჩელ ჰაგინსმა, ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, The Times of London-თან ინტერვიუში განმარტა, რატომაა ეს პრობლემური:
"AI ჩატბოტები სწრაფად ხდებიან ბავშვობის ნაწილი, რადგან ბოლო ორ წელში მათი მოხმარება რადიკალურად მოხშირდა", — თქვა ჰაგინსმა — "ამის მიუხედავად, ამას ბავშვების, მშობლებისა და სკოლების უმეტესობა მოუმზადებელი ხვდება; არ აქვთ ინფორმაცია ან დაცვითი საშუალებები, რომ ამ ტექნოლოგიურ რევოლუციას უსაფრთხოდ გაართვან თავი".
"ჩვენი კვლევა აჩვენებს, რომ ჩატბოტები ბავშვებში მეგობრობის ხედვას ცვლის. ძალიან სწრაფად მივედით იქამდე, რომ ბავშვები, განსაკუთრებით მოწყვლადი ბავშვები, AI ჩატბოტებს ზოგჯერ რეალურ ადამიანებად აღიქვამენ და მათ ემოციურ, მგრძნობიარე რჩევებს სთხოვენ", — დასძენს ის.
გასათვალისწინებელია, რომ გამოკითხვაში მხოლოდ გაერთიანებულ სამეფოში მცხოვრებმა მოზარდებმა მიიღეს მონაწილეობა. შესაბამისად, შედეგები მთელს მსოფლიოზე ვერ განზოგადდება; ვერ ვიტყვით ვერც იმას, რომ მეგობრების დანაკლისს ქართველი ბავშვებიც ხელოვნური ინტელექტით ივსებენ.