გვაქვს მოლოდინი, რომ ევროკავშირის ინსტიტუტებს საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენებენ და საქართველოს მიმართ შანტაჟისა და მუქარის ენით საუბარს გააგრძელებენ - ლევან მახაშვილი

ლევან მახაშვილი

შანტაჟად აფასებს მმართველი გუნდი უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ ბრიუსელის მხრიდან დისკუსიის გააქტიურებას. "ქართულ ოცნებაში" ამტკიცებენ, რომ ეს განსაკუთრებით უსამართლოა იმ ფონზე, როდესაც საქართველო ვიზალიბერალიზაციის მთავარ კრიტერიუმებს წლებია, ზედმიწევნით ასრულებს.

ვიზალიბერალიზაციის შეჩერების რეალურ საფრთხეზე საუბრობს ოპოზიცია და პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.

"ქართული ოცნების" პოლიტიკის წინააღმდეგ საპასუხო ზომად, ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას გუშინ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავდნენ, თუმცა შეხვედრაზე კონსენსუსის მიღწევა ვერ მოხერხდა. როგორც შეხვედრის შემდეგ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა, საქართველოს რეკომენდაციების შესრულების ვადა აგვისტოს ბოლოს ეწურება.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის განცხადებით, არსებობს მოლოდინი, რომ საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენებენ ევროკავშირის ინსტიტუტებს.

"გვაქვს მოლოდინი, რომ გამოიყენებენ, საკუთარი მიზნებისთვის ევროკავშირის ინსტიტუტებს და გააგრძელებენ შანტაჟს და მუქარის ენით საუბარს საქართველოს მიმართ. არიან წევრი სახელმწიფოები, რომლებიც საღად აფასებენ მოვლენებს, რომლებიც თვლიან, რომ ევროკავშირის პოლიტიკა უნდა ეფუძნებოდეს საღ და საერთო გეოპოლიტიკურ ინტერესებს. ასე რომ, მათთანაც და იმათთანაც, რომლებიც კრიტიკულად არიან განწყობილნი, გავაგრძელებთ მუშაობას", - განაცხადა ლევან მახაშვილმა.