რომის პაპ ფრანცისკეს დღეს დაკრძალავენ

პაპი ფრანცისცე

რომის პაპ ფრანცისკეს დღეს დაკრძალავენ. რომის პაპის მიერ დაწერილი ანდერძის თანახმად, მას რომის სანტა-მარია-მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალავენ, და არა ვატიკანის წმინდა პეტრეს ბაზილიკაში.

იტალიის მთავრობამ რომის პაპის ფრანცისკეს გარდაცვალების გამო ქვეყანაში ხუთდღიანი გლოვა გამოაცხადა - გლოვის დღეები 26 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.

რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიალისთვის მზადების გამო იტალიის დედაქალაქის თავზე ფრენა აიკრძალა. მიღებულია უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები.

რომში 150-ზე მეტი საერთაშორისო დელეგაციის ჩასვლა იგეგმება. პაპის დაკრძალვას მსოფლიო ლიდერები, მათ შორის საფრანგეთისა და აშშ-ის პრეზიდენტები დაესწრებიან. დონალდ ტრამპმა კი სოციალურ ქსელში თავად დაწერა, რომ დაკრძალვის ცერემონიას მეუღლესთან ერთად დაესწრება.

ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია დაკრძალვის ცერემონიაზე უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის შესაძლო დასწრების შესახებ, თუმცა, გუშინ გავრცელებული ცნობით, შესაძლოა, ზელენსკი დაკრძალვას ვერ დაესწროს.

რომის პაპი ფრანცისკე 21 აპრილს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოფიციალური ვატიკანის ინფორმაციით, პაპი ფრანცისკე ცერებრალური ინსულტისა და შემდგომი გულის უკმარისობის შედეგად გარდაიცვალა. ოფიციალური ინფორმაციით, რომის პაპმა ასევე განიცადა სუნთქვის უკმარისობის ეპიზოდები, მას ორმხრივი პნევმონია ჰქონდა, ასევე ტიპი 2 დიაბეტი და ჰიპერტენზია.