„20 წუთამდე გრძელდებოდა სეტყვა და ქარი...“ - ძლიერი სტიქია კახეთში
1757579911
TRAPPIST-1 სისტემაში არსებული ერთ-ერთი პლანეტა, რომელიც მხოლოდ 40 სინათლის წელიწადითაა ჩვენგან დაშორებული, შესაძლოა, სიცოცხლისთვის შესაფერისი იყოს. მეცნიერების განსაკუთრებულ ყურადღებას მისი ატმოსფერო იქცევს.
ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის დაკვირვებების თანახმად, დედამიწის ზომის ეგზოპლანეტა, TRAPPIST-1e, ჩვენს პლანეტას ჰგავს. დაკვირვებები მიანიშნებს, რომ პლანეტას დაახლოებით ისეთივე ატმოსფერო აქვს, როგორიც დედამიწას.
მიუხედავად მასზე არსებული შეზღუდული ინფორმაციისა, ამ ეტაპზე სწორედ ეს ეგზოპლანეტაა სიცოცხლის მასპინძლობის მთავარი კანდიდატი.
"TRAPPIST-1e ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ეგზოპლანეტაა და ის სიცოცხლის ზონაში იმყოფება. ჩვენ მის კვლევას ახლაც ვაგრძელებთ და ბოლო მიგნებები გვაახლოებს იმის გაგებასთან, თუ როგორი სამყაროა იქ", — ამბობს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) ასტრონომი სარა სიგერი.
მზის სისტემის გარეთ სიცოცხლისთვის ხელსაყრელი პლანეტების ძიებაში, დედამიწა ასტრონომებისთვის მთავარი ნიმუშია. ამის მიზეზი ისაა, რომ მთელ სამყაროში დედამიწა რჩება ერთადერთ პლანეტად, რომელზეც ვიცით, რომ სიცოცხლე წარმოიშვა და განვითარდა.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი "დედამიწისებური" თვისება, რომელსაც მეცნიერები აქტიურად ეძებენ, არის თხევადი წყლის არსებობის შესაძლებლობა — ნივთიერება, რომელიც აუცილებელია ბიოქიმიური პროცესებისთვის. შესაბამისად, პირველი ეტაპი ისეთი ეგზოპლანეტების პოვნაა, რომლებიც თავიანთი ვარსკვლავისგან ისეთ დისტანციაზე, რომ წყალი თხევადი ფორმით შენარჩუნდეს. ეს ნიშნავს, რომ პლანეტა მშობელ ვარსკვლავთან არც ძალიან შორს და არც ძალიან ახლოს უნდა იყოს.
TRAPPIST-1-ის სისტემა 2016 წელს აღმოაჩინეს და მან ყურადღება მაშინვე მიიქცია. სისტემის ცენტრში წითელი ჯუჯა ვარსკვლავია, რომლის გარშემოც 7 ეგზოპლანეტა ბრუნავს. პლანეტებს კლდოვანი შემადგენლობა აქვს (განსხვავებით გაზისა და ყინულის გიგანტებისგან) და მათგან რამდენიმე სიცოცხლისთვის შესაბამის ზონაშია.
მეორე მხრივ, არსებობს სხვა კრიტერიუმებიც, რომლებიც უნდა დაკმაყოფილდეს. იმისათვის, რომ წყალი თხევად მდგომარეობაში დარჩეს და არ სუბლიმირდეს, როგორც ეს ვაკუუმში ხდება, მას ატმოსფერო სჭირდება სტაბილურობის შესანარჩუნებლად.
გასათვალისწინებელია, რომ წითელი ჯუჯა ვარსკვლავები მნიშვნელოვნად უფრო ცივია, ვიდრე მზე, რის გამოც შესაბამისი სასიცოცხლო ზონა ბევრად უფრო ახლოს მდებარეობს. წითელი ჯუჯები ასევე გაცილებით უფრო აქტიურია მზის მსგავსი ვარსკვლავებისგან განსხვავებით — მათზე ხშირია ამოფრქვევები, რომლებმაც, როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, შეიძლება ახლომდებარე პლანეტების ატმოსფერო მთლიანად გაანადგურეს.
TRAPPIST-1d-ის — სასიცოცხლო ზონაში მყოფი სხვა სამყაროს — უფრო დეტალურმა კვლევამ ატმოსფეროს კვალი ვერ აღმოაჩინა. მეორე მხრივ, TRAPPIST-1e სიცოცხლისთვის ოდნავ უფრო შესაფერის ადგილზეა — ვარსკვლავიდან ცოტა უფრო შორს.
როდესაც ვარსკვლავის სინათლე პლანეტის ატმოსფეროში გადის, მისი აირების შემადგენელი ატომები და მოლეკულები ტალღის გარკვეულ სიგრძეებს შთანთქავს და ხელახლა გამოასხივებს. სპექტრის უფრო მუქი და ღია ნაწილების ძიებით, მეცნიერებს შეუძლიათ გაარკვიონ, თუ როგორი ატომები და მოლეკულებია იქ.
შედეგები არ მიუთითებს ნახშირორჟანგის მაღალი კონცენტრაციისკენ, რაც გამორიცხავს ისეთ ატმოსფეროებს, როგორიც ვენერასა და მარსზეა. ასევე, შედეგები არ ემხრობა ატმოსფეროს, რომელიც მდიდარია წყალბადის იზოტოპ დეიტერიუმით და შეიცავს ძლიერ ნახშირორჟანგისა და მეთანის კომპონენტებს.
მეორე მხრივ, სპექტრი შეესაბამება ატმოსფეროს, რომელიც მდიდარია მოლეკულური აზოტით და შეიცავს ნახშირორჟანგისა და მეთანის მცირე რაოდენობას.
ეს საკმაოდ დამაიმედებელი შედეგებია. დედამიწის ატმოსფეროს დაახლოებით 78% მოლეკულური აზოტისგან შედგება. თუ შედეგების დადასტურება შესაძლებელი იქნება, TRAPPIST-1e დღემდე აღმოჩენილი ეგზოპლანეტებიდან დედამიწასთან ყველაზე მეტად იქნება მიმსგავსებული. ჯეიმს ვების კომსმოსური ტელესკოპის ჩართულობით, მკვლევრები პლანეტის ატმოსფეროზე მეტის თქმას მალე შეძლებენ.
"ჩვენ ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზე ვართ. ჯეიმს ვების ტელესკოპის გამოყენებით ნამდვილი რევოლუციის მოხდენა შეგვიძლია. ჩვენ შეიძლება მალე ეგზოპლანეტების ატმოსფეროს კომპლექსური შესწავლა დავიწყოთ", — ამბობენ ასტრონომები, რომლებიც TRAPPIST-1 სისტემას სწავლობენ.
კვლევა ორ ნაწილად გამოქვეყნდა. მათი ნახვა შეგიძლიათ აქ და აქ.
შესაბამისად, შეკითხვაზე თუ რომელი ეგზოპლანეტა ჰგავს დედამიწას ყველაზე მეტად და რამდენად შორს არის ის, პასუხი სულ მალე დადასტურებულად შეიძლება იყოს — TRAPPIST-1e.