გიტანას ნაუსედა - ბელარუსში 52 პოლიტიკური პატიმარი გაათავისუფლეს, მათ შორის არიან ლიეტუვის მოქალაქეებიც

გიტანას ნაუსედა

ბელარუსში 52 პოლიტიკური პატიმარი გაათავისუფლეს, მათ შორის არიან ლიეტუვის მოქალაქეებიც. ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ლიეტუვის პრეზიდენტმა დააზუსტა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა გათავისუფლებულები ბელარუსის საზღვარზე მიიღო და აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი არ არის დაკავშირებული ბელარუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შემსუბუქების შესახებ მოლაპარაკებებთან.

„საუბარი არ არის სანქციების გაუქმებაზე ან შემსუბუქებაზე“, – განაცხადა ნაუსედამ.

მედიის ცნობით, სულ შეწყალებულია უცხო ქვეყნის 14 მოქალაქე. მათგან ექვსი ლიეტუვის, ორ-ორი ლატვიის, პოლონეთის და გერმანიის მოქალაქე, ერთი საფრანგეთის და ერთი დიდი ბრიტანეთის მოქალაქე.

მანამდე ცნობილი გახდა დონალდ ტრამპის წარმომადგენლის, ჯონ კოულის, ვიზიტის შესახებ მინსკში. ასევე აშშ-ს გადაწყვეტილებაზე, სანქციები მოეხსნა ბელარუსული ავიაკომპანია „ბელავიასთვის“.