სასიხარულო ინფორმაცია მგზავრებისთვის, რომელიც 27 სექტემბრიდან ამოქმედდება
1758227410
OpenAI-ის CEO სემ ალტმანმა ცოტა ხნის წინ მომხმარებელთა ახალი პოლიტიკა წარადგინა, რაც მნიშვნელოვან ცვლილებებს მოიცავს ChatGPT-ის 18წლამდე მოზარდებთან ინტერაქციის პროცესში - „ჩვენ პრიორიტეტს ვანიჭებთ თინეიჯერების კონფიდენციალურობას და თავისუფლებას. ეს ახალი და ძლიერი ტექნოლოგიაა, გვწამს, რომ არასრულწლოვნებს განსაკუთრებული დაცვა სჭირდებათ“.
უფრო კონკრეტულად, აქ საქმე სექსუალური ხასიათისა და თვითდაზიანებასთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება. ახალი პოლიტიკის ფარგლებში, ჩეტბოტი ისე გაიწვრთნება, რომ არასრულწლოვნებთან ფლირტის მსგავს საუბრებში არ ჩაერთოს. ხოლო სუიციდის შესახებ წამოწყებული დისკუსიების ირგვლივ დამატებითი თავდაცვითი ზომები მიიღება - თუ არასრულწლოვანი ChatGPT-ს თვითმკვლელობის სცენარების წარმოდგენას მოსთხოვს, სერვისი მათ მშობლებთან დაკავშირებას შეეცდება და უფრო რთულ შემთხვევებში ადგილობრივ პოლიციასაც მიმართავს.
სამწუხაროდ, ახლა ჰიპოთეტურ სცენარებზე არ ვსაუბრობთ - OpenAI-ს სასამართლოში ადამ რეინის მშობლებმა უჩივლეს, მოზარდის, რომელმაც ჩეტბოტისგან სუიციდისთვის საჭირო ინფორმაცია მიიღო…
კონტენტთან დაკავშირებული შეზღუდვების გარდა, მშობლები, რომლებიც არასრულწლოვანს ანგარიშს შეუქმნიან, Blackout hours-ის დაყენებას შეძლებენ, რა დროსაც ChatGPT ხელმისაწვდომი აღარ იქნება. ამის საშუალება კი მათ აქამდე არ ჰქონდათ.
ამ ეტაპისთვის ცდილობენ, გრძელვადიანი სისტემა ჩამოაყალიბონ, რომელიც მომხმარებლის ასაკს დაადგენს. ბუნდოვან შემთხვევებში კი OpenAI უფრო მკაცრ წესებს გამოიყენებს. ხოლო მშობლებისთვის, რომლებიც ძალიან დარდობენ ამ თემაზე, არასრულწლოვანი მომხმარებლის ამოსაცნობად ყველაზე საიმედო გზა მოზარდის ანგარიშის მშობლის ანგარიშთან დაკავშირებაა - ასე სისტემა მშობლებს პირდაპირ აცნობებს, როცა მოზარდს რთულ მდგომარეობაში აღმოაჩენს.
სემ ალტმანმა OpenAI-ის მუდმივ ერთგულებაზეც ისაუბრა მომხმარებელთა კონფიდენციალურობის საკითხის მიმართ და მოზარდებისთვის ChatGPT-სთან ურთიერთქმედების არჩევისას სრული თავისუფლების მინიჭების თემაც ახსენა - “ვიაზრებთ, რომ ეს პრინციპები სადავოა და ყველა არ დაეთანხმება კონფლიქტის მოგვარების ჩვენეულ მიდგომას…“.