NATO-ში აცხადებენ, რომ აშშ-ს ხელისუფლებამ ალიანსს წინასწარ აცნობა ევროპაში ჯარების განლაგების ცვლილების შესახებ და ამაში უჩვეულო არაფერი არ არის

NATO

ნატო აშშ-ის მიერ რუმინეთიდან, ბულგარეთიდან, უნგრეთიდან და სლოვაკეთიდან ჯარების ნაწილობრივი გაყვანის გადაწყვეტილებას ეხმაურება.

როგორც ნატო-ს წარმომადგენელი „როიტერთან“ საუბრისას აცხადებს, ალიანსი აშშ-თან მჭიდრო კონტაქტშია.

წარმომადგენლის თქმით, აშშ-ის ჯარების განლაგებაში ცვლილებები უჩვეულო არ არის და, ამ ცვლილებების მიუხედავად, ევროპაში აშშ-ის ჯარების რაოდენობა კვლავ იმაზე მაღალია, ვიდრე ოდესმე ყოფილა.

„ნატო და აშშ-ს მთავრობა მჭიდრო კონტაქტში არიან, განსაკუთრებით ჩვენს საერთო პოზიციაზე, რომ  ალიანსმა შეინარჩუნოს ძლიერი შეკავებისა და თავდაცვის პოზიცია. აშშ-ის ხელისუფლებამ წინასწარ აცნობა ნატო-ს ამ ცვლილების შესახებ“, – განაცხადა ნატო-ს წარმომადგენელმა.

ცნობისთვის, რუმინეთიდან აშშ-ის მიერ ჯარების ნაწილობრივ გაყვანის გეგმაზე ინფორმაცია დაადასტურეს რუმინეთის თავდაცვის სამინისტროშიც. მანამდე კი მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ არა მხოლოდ რუმინეთიდან, არამედ ბულგარეთიდან, უნგრეთიდან და სლოვაკეთიდან ჯარების მნიშვნელოვან ნაწილს გაიყვანს.