ირანზე აშშ-ის დარტყმის შემდეგ, ბენიამინ ნეთანიაჰუ ღაზის სექტორში ომის ორ კვირაში დასრულებას დათანხმდა - ისრაელის მედია

 ბენიამინ ნეთანიაჰუ

ირანზე აშშ-ის დარტყმის შემდეგ, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ღაზის სექტორში ომის ორ კვირაში დასრულებას დათანხმდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, ბენიამინ ნეთანიაჰუ და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შეთანხმდნენ ღაზაში ომის სწრაფ დასრულებასა და აბრაამის შეთანხმებების გაფართოებაზე.

ისრაელის მედიის თანახმად, ორი ქვეყნის ლიდერებმა სატელეფონო საუბრის დროს განაცხადეს, რომ ოთხი არაბული ქვეყანა, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ეგვიპტე „ჰამასის“ ნაცვლად ერთობლივად ჩაერთვებიან ღაზის სექტორის მართვაში, ტერორისტული დაჯგუფების ლიდერებს გადაასახლებენ და ყველა მძევალი გათავისუფლდება.

არაბმა მოკავშირეებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ისინი არ მიიღებენ მონაწილეობას ღაზის ომის შემდგომ რეაბილიტაციაში, თუ ისრაელი არ დაეთანხმება პალესტინის ხელისუფლების მიერ ღაზაში პოზიციების გაძლიერებას, როგორც მომავალი ორი სახელმწიფოს გადაწყვეტის ნაწილს. ნეთანიაჰუ კატეგორიულად უარყოფს პალესტინის ადმინისტრაციის ნებისმიერ როლს ღაზის სექტორში.