-15 ქულა და ფულადი ჯარიმა - მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის
1757611639
მცენარეთა მავნებელი ორგანიზმების საწინააღმდეგოდ სხვადასხვა პესტიციდი გამოიყენება, მათ შორის ქლორპირიფოსი. ის ძლიერი მოქმედებით გამოირჩევა, ამიტომ გავრცელებულია, განსაკუთრებით კი მას მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის განმავლობაში მოიხმარდნენ.
ეფექტიანობის მიუხედავად, ეს პესტიციდი არასამიზნე მწერებსაც ანადგურებს, როგორიც ფუტკარია. ასევე, ის დიდი ზომის ცხოველებში ჯანმრთელობის რისკებთანაცაა დაკავშირებული, ამიტომ ჩვენთვისაც საფრთხის შემცველია. ახალი კვლევის თანახმად, ამგვარი საშიშროების წინაშე დაბადებამდეც კი ვართ, რადგან ქლორპირიფოსთან ამ დროს შემხებლობა ბავშვობისა და მოზარდობის ასაკში ტვინის სტრუქტურულ ანომალიებთან და მოტორული ფუნქციების პრობლემებთან დააკავშირეს. ეს ასოციაცია პირდაპირპროპორციულია, ანუ რაც უფრო დიდია შემხებლობა, მით უფრო შესამჩნევია ცვლილებები — უჯრედულ, მოლეკულურ და მეტაბოლურ დონეზე.
მეცნიერებმა ნიუ-იორკში 1998-2015 წლებს შორის შეგროვებული მონაცემები გააანალიზეს. ისინი 18-35 წლის ასაკის აფროამერიკელი და დომინიკელი ორსული ქალების შესახებ ინფორმაციას მოიცავდა: კითხვარებზე პასუხებსა და ჩვილების სხეულში ქლორპირიფოსის დონეს. წლების შემდეგ მკვლევრებმა ამ ბავშვების ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული გამოსახულებები მოიპოვეს და 270 ინდივიდი გამოავლინეს, რომელთა მონაცემებიც გამოიყენეს.
ანალიზმა ქლორპირიფოსის პრენატალურ დონესა და ტვინის ანომალიებს შორის კავშირი აჩვენა. ეს, შესაძლოა, მიანიშნებდეს, რომ მუცლადყოფნისას ამ პესტიციდის გავლენა ტვინის სტრუქტურის, ფუნქციისა და მეტაბოლიზმის დარღვევებს იწვევს. რაც შეეხება ამ ნივთიერების წყაროს, ის, დიდი ალბათობით, სახლში იყო. მისი საოჯახო მოხმარება აშშ-ში 2001 წელს აიკრძალა და მას შემდეგ იგივე გადაწყვეტილება სხვა ქვეყნებშიც მიიღეს. ამის მიუხედავად, ის მეურნეობაში ისევ აქტიურად გამოიყენება, ანუ საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს. შესაბამისად, ავტორებს საჭიროდ მიაჩნიათ, რომ ამგვარ არეალებში მცხოვრები ორსული ქალების მდგომარეობა გაკონტროლდეს.
მეცნიერები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ეს კვლევა მხოლოდ ასოციაციას ადასტურებს და არა მიზეზ-შედეგობრივ კავშირს, რაც გასათვალისწინებელია. ასევე, ის ქლორპირიფოსის პრენატალურ დონეს ეფუძნება და არა პოსტნატალურ შემხებლობას, ანუ დაბადების შემდგომს. ყურადღება არ გამახვილებულა სხვა ინსექტიციდებზეც, რომლებიც ხშირად პესტიციდებთან ერთად გამოიყენება. ამით ავტორებს იმის თქმა სურთ, რომ ამ კვლევას საკუთარი შეზღუდვები აქვს, მათ შორის დემოგრაფიული მრავალფეროვნების, რაც საკითხის უფრო სიღრმისეული შესწავლის აუცილებლობას გვიჩვენებს.