ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტი წარადგინა

ევროკომისია

ევროკომისიამ სანქციების მე-18 პაკეტი წარადგინა, რომელიც მოსკოვის ენერგეტიკის სექტორის, საფინანსო ინსტიტუტებისა და სამხედრო ინდუსტრიის წინააღმდეგ იქნება მიმართული. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

„რუსეთის მიზანი მშვიდობა არ არის. ძალა არის ერთადერთი ენა, რომელსაც რუსეთი გაიგებს“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა პრესკონფერენციაზე.

ამასთან, ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა, კაია კალასმა აღნიშნა, რომ „რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების შემდეგი რაუნდი შეეხება რუსეთის ენერგეტიკულ შემოსავლებს, მათ შორის ჩრდილოვან ფლოტს, მის სამხედრო ინდუსტრიასა და საბანკო სექტორს“.

ახალი პაკეტი რუსეთის „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენებთან ტრანზაქციების აკრძალვას ითვალისწინებს, ასევე იმ ბანკებთან ტრანზაქციების აკრძალვას, რომლებიც სანქციების გვერდის ავლით მოქმედებენ.

ევროკომისიის კიდევ ერთი ინიციატივაა რუსეთის ნავთობზე „დიდი შვიდეულის“ მიერ ფასის ლიმიტის ბარელზე 60 დოლარიდან 45 დოლარამდე შემცირება. ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ნავთობის ფასების ლიმიტის საკითხი ამ კვირაში დაგეგმილ „დიდი შვიდეულის“ შეხვედრაზე განიხილება.