ევროკავშირი არ აპირებს უკრაინისთვის ფინანსური დახმარების შეჩერებას - ევროკომისიის სპიკერი

ევროკომისია

ევროკომისიის წარმომადგენელმა, გიიომ მერსიემ განაცხადა, რომ ევროკავშირი არ აპირებს უკრაინისთვის ფინანსური დახმარების შეჩერებას.

„შემიძლია დავადასტურო, რომ არ არსებობს ევროკავშირის სახსრების გაყინვის გეგმები. ახლა მნიშვნელოვანია, რომ უკრაინას ჰქონდეს დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ორგანოები და რომ უკრაინამ განახორციელოს რეფორმები, რომლებიც აუცილებელია კანონის უზენაესობის დასაცავად“, - განაცხადა მან.

მერსიეს თქმით, ევროკავშირმა მკაფიოდ გამოხატა სერიოზული შეშფოთება გასულ კვირას მიღებული ანტიკორუფციული ბიუროს კანონის შესახებ.

„მას შემდეგ ჩვენ მჭიდრო კავშირში ვართ უკრაინის ხელისუფლებასთან, რათა გამოსწორდეს სიტუაცია. ამიტომ, ჩვენი გზავნილები მთელი ამ ხნის განმავლობაში ძალიან მკაფიო იყო. უკრაინამ უნდა შეინარჩუნოს დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ორგანოები“, - დასძინა მან.