არაბული მედიის ინფორმაციით, ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციას ბოლო ერთ დღეში, სულ მცირე, 50 ადამიანი ემსხვერპლა

ღაზის სექტორი

ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციას ბოლო ერთ დღეში, სულ მცირე, 50 ადამიანი ემსხვერპლა, – ამის შესახებ ინფორმაციას არაბული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, ისრაელის არმიის თავდასხმების შედეგად ბოლო 24 საათში, სულ მცირე, 113 ადამიანი დაშავდა. არაბული მედია წერს, რომ ისრაელის თავდასხმის სამიზნე გახდა ქალაქი ღაზა და ქალაქი ხან იუნისი.

ისრაელის არმიაში აცხადებენ, რომ ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციის დროს „ჰამასის“ ორი წევრი მოკლეს.

ისრაელის ფინანსთა მინისტრის, ბეზალელ სმოტრიჩის განცხადებით, ბრძოლა არ დასრულდება იქამდე, ვიდრე ასობით ათასი ღაზის მცხოვრები არ დატოვებს არაბულ ანკლავს, სირია კი გაყოფილი არ იქნება.

2023 წლის 7 ოქტომბერს ღაზის სექტორში დაწყებული ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად 52 365 ადამიანი დაიღუპა, 117 905 კი დაშავდა.