ტრამპი ირანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
1750278256
ბელგიაში, ავტობუსში მომხდარ სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული ქართველია. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. ამბავს თამარ გუგულაშვილი ეხმაურება.
„ორი დღეა, ბელგიაში, ყველა არხი აშუქებს ანტვერპენში ავტობუსში მომხდარ მკვლელობას. მე რომ არ მოგატყუოთ, თავიდან დიდად არ დავინტერესდი ამ ფაქტით, რადგან არც ტელევიზიები და არც პრესა არ წერდა, რომ აგრესორი ქართველი იყო. ახლა მეგობარმა მომწერა ამაზე და რომ გადავიკითხე უახლოესი ცნობები, სამწუხაროდ, მართალია. დღეს უკვე წერენ, რომ ახალგაზრდა, 38 წლის კარგად ჩაცმული მამაკაცი, რომელიც გუშინ ქალაქ ანტვერპენის N 36 ავტობუსში ეს საზარელი მკვლელობა ჩაიდინა, ქართველია.
მოკლედ, როგორც ირკვევა:
გამართული ფლამანდრიულით მოსაუბრე ქართველი ახალგაზრდა უკან დაჯდა და ერთ იქაურ ყოფილ მძღოლს, დღეს 63 წლის პენსიონერ ნასერ ედინს საათი ჰკითხა. ნასერის მონათხრობით მკვლელი მაშინვე მოტრიალდა, პირველივე მგზავრს ( 76 წლის მოხუცს) თმებში სწვდა, თავი გადაუწია და ყელი დიდი დანით უცბად გამოსჭრა.
ავტობუსში წივილ-კივილი ატყდა, დედები ბავშვებით სკამებში ჩაძვრნენ. მკვლელმა დაიყვირა რომ 10 ადამიანის მოკვლა სურდა. ავტობუსში ხომ სწორედ ათიოდე მგზავრი იყო სულ.
ნასერი კი მკვლელს გადაეღობა და დანის წართმევა სცადა. მკვლელმა ის მრავალჯერადად დაჭრა დანით ფეხებში, მუხლში მაგრამ მკერდში ვერ მოახერხა დანის ჩარტყმა, ნასერი გააფთრებული თავს იცავდა.
ამასობაში, სხვა მგზავრები გაიქცნენ და მძღოლის მიერ გამოძახებული პოლიციაც მოვიდა. მკვლელი მალევე დაიჭირა. და ახლა ის პოლიციასთან თანამშრომლობს.
როგორც წესი, როცა ამა თუ იმ დანაშაულზე ჰყვებიან, ბელგიელი ჟურნალისტები ერიდებიან აგრესორის ნაციონალობის მოხსენიებას, რომ არ გამოიწვიონ სხვადასხვა ეთნო ჯგუფების დაპირისპირება. ახლაც ბევრი სტატია მხოლოდ უცხო ეროვნების აგრესორზე წერს. და იმ ერთ თუ ორ სტატიაშიც სადაც დაიწერა მისი ქართველობის შესახებ, ესეც იმიტომ, რომ აეხსნათ რატომ არ ფიქრობს პოლიცია, რომ აქტი ტერორისტის მიერ იქნა ჩადენილი.
პოლიცია ფიქრობს, რომ მკვლელი არ იცნობდა მსხვერპლს. პოლიციამ გამორიცხა ასევე ალკოჰოლის და ნარკოტიკის ზეგავლენა. ანუ ეს ახალგაზრდა სრულიად გამიზნულად ავიდა იმ ავტობუსში და აპირებდა ყველა იქ მყოფის მოკვლას.
მეტი ჯერ არაფერი იცის პრესამ მასზე, რა იყო მიზეზი მისი ამ საზარელი დანაშაულის. თუმცა, ეს უკვე მეორე საზარელი დანაშაულია ქართველის მიერ საზოგადო ტრანსპორტში ჩადენილი.
სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ, ქართველმა კაცმა ბენზინი შეასხა სახეში თავის ცოლს ტრამვაიში და ხალხის თვალწინ მისი დაწვა სცადა. ეს გერმანიაში მოხდა და მახსოვს, როგორ განიცდიდნენ იქაური ჟურნალისტები, ასეთი სისასტიკის კრიმინალების აღმოჩენას, რადგან ის პატარა გერმანული ქალაქი მშვიდი ქალაქი იყო იქამდე და ხალხი, თავად ჟურნალისტებიც კი, ვერ იგებდნენ როგორ გამოსულიყვნენ შოკიდან.
მოკლედ ხალხო, უვიზო რეჟიმით სარგებლობაზე დღეს ტელევიზიით ვსაუბრობდი და რა ვიცი... ქურდობების, ძარცვის და ორგანიზებული დანაშაულის შესახებ ხომ იცით - ქართულ დიდ კრიმინალურ ჯგუფებზე გადაცემები დიდი ხანია კეთდება საბერძნეთში, იტალიაში, ესპანეთში, საფრანგეთში, ბელგიაში, გერმანიაში, პოლონეთში... ახლა თანდათან ემატება ქართველების მიერ ჩადენილი კრიმინალური თავდასხმები და მკვლელობები საზოგადო ტრანსპორტში, საჯაროდ, დღისით და მზისით...ჩვენთვის უვიზოს შეჩერების მიზეზების მთელი რიგი სია აქვთ ამ ქვეყნებს და მათთვის მთავარია მათი მოსახლეობის განცდა, რომ უსაფრთხოდ ტრანსპორტშიც კი ვეღარ ადიან დღისით...,“ - წერს თამარ გუგულაშვილი.