ალასკაში ახალი კუნძული გამოჩნდა - მიზეზი ყინულის ლღობაა

ალასკა

 სამხრეთ-აღმოსავლეთ ალასკაში მდებარე ტბაში კუნძული გამოჩნდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ხმელეთის მასამ იქვე არსებულ მყინვართან კონტაქტი დაკარგა, რისი მიზეზიც ყინულის დნობაა. ცვლილება NASA-ს სატელიტურმა სურათებმა გამოავლინა.

აღნიშნული კუნძული სინამდვილეში პატარა მთაა და ქიმის ბორცვი ეწოდება. ადრე მის გარშემო ალსეკის მყინვარის საფარი იყო, მაგრამ ის ათწლეულების განმავლობაში დნობას განიცდიდა და ნელ-ნელა ხმელეთის ამ ნაწილს შორდებოდა. შედეგად მისი ადგილი წყალმა დაიკავა.

ამის ამსახველი სურათები სატელიტმა Landsat 9-მ აგვისტოში გადაიღო. ქვემოთ წარმოდგენილ ფოტოებზე ძველი და ახლანდელი ლანდშაფტია ნაჩვენები. ისინი ცხადყოფს, როგორ განცალკევდა წყალში კუნძული.

 "სამხრეთ-აღმოსავლეთ ალასკის სანაპირო დაბლობის გასწვრივ წყალი ყინულს აქტიურად ანაცვლებს. ამ არეალში მყინვარები თხელდება და პატარავდება, პარალელურად კი ლღობით მიღებული წყალი პროგლაციალურ ტბებს წარმოქმნის", — აცხადებენ NASA-ში.

ალსეკის მყინვარი 5კმ2-იანი ფართობის მქონე ქიმის ბორცვის გარშემო ორად იყოფოდა. მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში ყინულის მასა ალსეკის ტბამდე გავრცელდა, კუნძულის დასავლეთით დაახლოებით 5 კილომეტრზე.

გეოლოგმა ოსტინ პოსტმა ბორცვს ზემოდან სურათები 1960 წელს გადაუღო, სახელი კი მას გემის ქიმთან მსგავსების გამო შეურჩია. აქამდე ვარაუდობდნენ, რომ ის 2020 წელს განცალკევდებოდა, ვინაიდან 1960-1990 წლებში ყინულის დნობის ტენდენცია ამაზე მიანიშნებდა. ამის მიუხედავად, მან მყინვართან კონტაქტი შედარებით დიდხანს შენარჩუნდა. საბოლოოდ, კუნძული მიმდინარე წლის 13 ივლისიდან 6 აგვისტომდე პერიოდში გამოიკვეთა