1746007492
33 ტრილიონი დოლარის ოდენობის ვალით, შეერთებულ შტატებს აღარ შეუძლია, საკუთარ თავს ევროპული უსაფრთხოების სუბსიდირების უფლება მისცეს - მაიკ უოლცი

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის, მაიკ უოლცის განცხადებით, სახელმწიფო ვალი ვაშინგტონს არ აძლევს საშუალებას, ევროპაში უსაფრთხოების სუბსიდირება გააგრძელოს.
ამის შესახებ მაიკ უოლცმა „ნიუ იორკ პოსტთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„33 ტრილიონი დოლარის ოდენობის ვალით, შეერთებულ შტატებს აღარ შეუძლია, საკუთარ თავს ევროპული უსაფრთხოების სუბსიდირების უფლება მისცეს, უნდა გავმიჯნოთ ჩვენი აღმოსავლეთევროპელი პარტნიორები, როგორებიცაა პოლონეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა და სხვები“, – განაცხადა მაიკ უოლცმა.
აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა აღნიშნა, რომ ნორვეგიამ და ფინეთმა გაზარდეს თავდაცვითი ხარჯები, ხოლო ნატო-ს სხვა ქვეყნები, როგორებიცაა ესპანეთი, კანადა და იტალია, „უკიდურესად არასაკმარისს“ თანხას ხარჯავენ.
„კანადას უნდა ჰქონდეს ბაზები მის ჩრდილოეთ ფერდობზე, მათ უნდა ჰყავდეთ ყინულმჭრელები არქტიკაში, ნავთობისა და გაზის ახალი მარაგების, კრიტიკული მინერალების გათვალისწინებით, მაშინ როდესაც ჩინელები და რუსები მოიწევენ ამ ტერიტორიაზე, სადაც ახალი საზღვაო გზებია“, – განაცხადა მაიკ ულოცმა.
ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ ვაშინგტონი გააგრძელებს ევროპული ქვეყნების მხარდაჭერას სამხედრო და დიპლომატიური კუთხით, თუმცა იქნება „მომთხოვნი“.
„ჩვენ გავაგრძელებთ მოთხოვნას, რომ ჩვენმა მოკავშირეებმა გადაიხადონ თავიანთი წილი და გაიზიარონ ეს ტვირთი აშშ-თან ერთად“, – განაცხადა მაიკ უოლცმა.
მისივე განცხადებით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ მკაფიოდ თქვა, რომ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა მომავალში ევროპის მეთაურობით უნდა გაგრძელდეს.
„ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ მომავალში უკრაინის დახმარება ევროპის ხელმძღვანელობით უნდა განხორციელდეს“, – განაცხადა მაიკ უოლცმა.