„ერთმანეთთან მეგობრობდნენ, არ ვიცი, ასე როგორ გაიმეტა...“ - სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები
1755117708
ზუგდიდში მომხდარი სასტიკი დანაშაულის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
42 წლის ნათია აფხაზავას მკვლელობისთვის, 34 წლის ნათია ხაჩატურიანი დააკავეს.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, მოკლული ქალი, მკვლელობაში ბრალდებულის მეუღლის ნათესავი იყო. ქალები ერთმანეთთან მეგობრობდნენ კიდეც.
შსს-ს ოფიციალური განცხადების თანახმად, მკვლელობამდე, ქალებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც, ხაჩატურიანმა აფხაზავას დანით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების (ოპერატიული) და საგამოძიებო სამმართველოების თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით - 1991 წელს დაბადებული ნ.ხ. დააკავეს.
დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 13 აგვისტოს, ზუგდიდში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა - 1983 წელს დაბადებულ ნ.მ.-ს. მიღებული დაზიანებების შედეგად ნ.მ. შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული ნ.ხ. ცხელ კვალზე, მომხდარიდან მალევე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს“, - ნათქვამია განცხადებაში.