1745602360
იდუმალი ზარი, სისხლიანი მანქანა და ანონიმურად გაგზავნილი ვარდები: მერი ლიტლის იდუმალი გაუჩინარება, რომელმაც მსოფლიო შეძრა

მერი შორტველ ლიტლის ამბავი ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ საქმედ იქცა.
1965 წელს, ქორწილიდან 6 კვირის შემდეგ, 25 წლის მერი შორტველ ლიტლი უკვალოდ გაუჩინარდა.
მერი შორტველ ლიტლის ისტორია
1965 წლის 14 ოქტომბერს მერიმ Lenox Square-ს სავაჭრო ცენტრში მდებარე ერთ-ერთ კაფეტერიაში ისადილა. ამ დროს მისი მეუღლე, როი ქალაქში (ატლანტაში) არ იმყოფებოდა. მოგვიანებით, მერი საშოპინგოდ წავიდა - საღამოს 8 საათზე ის მეგობარს დაემშვიდობა და ავტომობილში, Mercury Comet-ში, ჩაჯდა.
მეორე დღეს მერი სამსახურში არ გამოჩენილა, მასთან დაკავშირება შეუძლებელი იყო, ამიტომ უფროსმა მისი ძებნა დაიწყო. ცოტა ხანში საქმეში პოლიციაც ჩაერთო. მათ მერის კუთვნილ ავტომობილს მიაკვლიეს, რომელშიც ქალის თეთრეული და პირადი ნივთები აღმოაჩინეს. თუმცა, ოფიცრებმა მანქანის გასაღებს, საფულესა და ქალის დანარჩენ ტანისამოსს ვერსად მიაგნეს. მანქანაში სისხლის კვალი - სანომრე ნიშანი შეცვლილი იყო.
გამოძიების შედეგად, პოლიციამ აღმოაჩინა, რომ მერის საწვავის ბარათი მეორე დღეს, 15 ოქტომბერს ჩრდილოეთ კაროლინას შტატში 2-ჯერ გამოიყენეს. ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომლების თქმით, მათ ნახეს ქალი, რომელიც მერის აღწერილობას ემთხვეოდა. თუმცა, ის მათთან თვალით კონტაქტს ერიდებოდა. როგორც ისინი ამბობდნენ, ქალს 2 უცნობი მამაკაცი ახლდა თან.
პოლიციამ თავდაპირველად ეჭვმიტანილად მერის მეუღლე, როი მიიჩნია, რომელიც ცოლის გაუჩნარების გამო დიდად არ წუხდა. თუმცა, მამაკაცს საკმაოდ მყარი ალიბი ჰქონდა - მერის გაუჩინარების დროს ის ქალაქში არ იმყოფებოდა.
მერის მეგობრების თქმით, გაუჩინარებამდე რამდენიმე კვირით ადრე, მას სამსახურში ხშირად ურეკავდნენ, რის გამოც ის შეშინებული იყო. ერთ-ერთი ასეთი საუბრის დროს, მერიმ ასეთი სიტყვები უთხრა - „მე ახლა დაოჯახებული ქალი ვარ - შენ შეგიძლია ჩემს სახლში, როცა გინდა მაშინ მოხვიდე, თუმცა, მე შენთან მოსვლა არ შემიძლია". მერის ახლობლებმა გაიხსენეს ისიც, რომ ქალს ანონიმური თაყვანისმცემელი ხშირად უგზავნიდა სახლში ვარდებს, მაგრამ ამის შესახებ მერი თავის ქმარს არაფერს ეუბნებოდა.
გამოძიების დროს არაერთი მოწმე გამოჩნდა, რომლებიც ირწმუნებოდნენ, რომ იცოდნენ იმ ადამიანების შესახებ, ვინც მერი მოიტაცა. მათი თქმით, მერის მოტაცებისთვის მათ 5 000 დოლარი გადაუხადეს, რის შემდეგაც გოგონა გამტაცებლებმა ჩრდილოეთ კაროლინაში წაიყვანეს და მოკლეს.
გამოძიების მიუხედავად, პოლიციამ საქმე ვერ გახსნა და ვერც მერის ცხედარს მიაგნო.
უცნაური დამთხვევა
საინტერესოა ის ფაქტი, რომ ქალი, რომელმაც მერის შემდეგ, მისი სამუშაო ადგილი დაიკავა - ასევე გახდა ამოუხსნელი მკვლელობის მსხვერპლი. 1967 წელს სამსახურიდან გამოსული 22 წლის დაიანა შილდსი მოკლეს.
გოგონა შარფით გაგუდეს. აღსანიშნავია, რომ არაფერი მოუპარავთ, მათ შორის, არც მისი ბრილიანტის ბეჭედი. მკვლელობის მოტივი უცნობია.