1745863963
უცნობისგან მიღებული საეჭვო შემოთავაზება, ანონიმური ზარი და უგზო-უკვლოდ გაუჩინარებული ოჯახი - რონისა და დორეენის ოჯახის ბურუსით მოცული ისტორია

35 წლის მანძილზე რონისა და დორეენ ჯეკის ნათესავებს ერთი კითხვა აწუხებდათ - რა მოხდა 1989 წლის 1 აგვისტოს ღამეს.
რონისა და დორეენს 2 შვილი - 4 წლის რაიანი და 9 წლის რასელი ჰყავდათ. ისინი 1 აგვისტოს შემდეგ არავის უნახავს. გაუჩინარებამდე ცოტა ხნის ადრე მათ უცნობისგან სამსახურის დაწყებაზე შემოთავაზება მიიღეს. ეკონომიკური სიდუხჭირის გამო, ოჯახი ამ შემოთავაზებას ზედმეტი კითხვების გარეშე დასთანხმდა.
რა არის ცნობილი
The Prince George Citizen-ის ინფორმაციით, 1989 წლის 1 აგვისტოს რონის ადგილობრივ ბარში უცნობი მამაკაცი შეხვდა, რომელმაც მას ბანაკში მოკლევადიანი სამსახურის დაწყება შესთავაზა.
უცხოური გამოცემების ცნობით, იდუმალებით მოცული მამაკაცი 35 წლის იქნებოდა. რონი ახალი სამსახურის დაწყებით იმდენად ბედნიერი იყო, რომ სასიხარულო ინფორმაცია ტელეფონით მაშინვე დედას ამცნო. რონის თქმით, მოკლევადიანი სამსახური 10 დღე უნდა გაგრძელებულიყო - შემდეგ კი ოჯახი კვლავ სახლში დაბრუნდებოდა. თუმცა, იმ დღის შემდეგ ისინი აღარავის უნახავს.
„მე ვიყავი ის ადამიანი, რომელსაც რონი უკანასკნელად ესაუბრა. მან მითხრა: „დედა სამუშაოდ მიწევს წასვლა Clucluz Lake-თან სიახლოვეს. თუ დროულად არ დავბრუნდი, აუცილებლად დაიწყე ჩემი მოძებნა. მაშინვე ცუდი წინათგრძნობა დამეუფლა",- იხსენებს რონის დეა მეიბელი.
პოლიცია ოჯახს 35 წლის განმავლობაში უშედეგოდ ეძებდა. 1996 წელს პოლიციის დეპარტამენტში ანონიმური ზარი შევიდა, რომლის ავტორიც ამტკიცებდა, რომ იცოდა, თუ სად იყო რონია და დორეენის ცხედრები დასაფლავებული. თუმცა, მან ტელეფონი მალევე დაკიდა. მცდელობის მიუხედავად, ოფიცრებმა მასთან კავშირის აღდგენა ვერ მოახერხეს.