1753907905
„მათი ავთენტიკურობა დღემდე სადავოა...“ - წერილებში აღწერილი მკვლელობები, რომლის ავტორის ამოცნობა დღემდე ვერ შეძლეს

1888 წელს, ლონდონში მომხდარი ხუთი ქალის სასტიკი მკვლელობა ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ და შემზარავ მოვლენად დარჩა.
"ჯეკ დერიპერის" სახელით ცნობილი სერიული მკვლელი დღემდე ამოუცნობად რჩება. მკვლელობების პარალელურად, მკვლელის წერილები ლონდონის პოლიციასა და პრესას ეგზავნებოდა.
გავრცელებული ვერსიით, „ჯეკ მფატრავის“ წერილები სავსე იყო მკვლელობების დეტალური აღწერით, მუქარითა და დამცინავი ტონით. ამ წერილებმა საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგაც არ დაკარგეს ინტერესი.
ლონდონის პოლიციამ ასობით წერილი მიიღო. წერილების დიდი ნაწილი მალევე აღიარეს როგორც ყალბი, მაგრამ ზოგიერთი მათგანი ძალიან დამაჯერებელი აღმოჩნდა.
მათ შორის იყო ცნობილი წერილები: Dear Boss; Saucy Jacky და From Hell.
წერილებში მოცემული იყო ისეთი დეტალები, რომლებიც მხოლოდ ნამდვილ მკვლელს უნდა სცოდნოდა — თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ ზოგიერთი მათგანი შესაძლოა ჟურნალისტების მიერ იყოს დაწერილი, რომლებსაც დანაშაულებზე ექსკლუზიური ინფორმაცია ჰქონდათ. ერთ-ერთ წერილთან ერთად კი პოლიციამ ადამიანის თირკმელიც მიიღო.
ქვემოთ გაეცნობით იმ წერილების ისტორიებს, რომლებიც ყველაზე ცნობილია — და გაიგებთ, რატომ აჩენს ისინი უფრო მეტ კითხვას, ვიდრე პასუხს.
„Dear Boss“
1888 წლის სექტემბრის ბოლოს, ლონდონის უაითჩეფელის რაიონში, ორი ადგილობრივი ქალი — მერი ენ ნიკოლსი და ენი ჩეპმანი — სასტიკად მოკლა უცნობმა თავდამსხმელმა. სწორედ ამ პერიოდში, ერთ-ერთმა გამოცემამ მიიღო წერილი, რომელიც „მკვლელისგან“ იყო გამოგზავნილი.
წერილში მოხსენიებული იყო ერთ-ერთ იმდროინდელ ეჭვმიტანილი — ჯონ პაიზერი, რომელიც Leather Apron-ის სახელით იყო ცნობილი:
„ძვირფასო ბოსს,
მუდმივად მესმის, რომ პოლიციამ თითქოს დამიჭირა, მაგრამ ჯერ ვერ გამაბამენ მახეში. გულიანად ვიცინი, როცა ისე ჭკვიანად გამოიყურებიან და ამბობენ, რომ კვალზე არიან. მძულს მეძავები და მათ მოკვლას მანამდე არ შევწყვეტ, სანამ არ დამიჭერთ. შესანიშნავი იყო ბოლო საქმე. ქალს კივილის საშუალებაც არ მივეცი.
როგორ აპირებენ ჩემს დაჭერას ახლა? მიყვარს ჩემი საქმე და მინდა თავიდან დავიწყო. მალე ჩემზე კვლავ გაიგებთ — ჩემი მხიარული თამაშებით.
„ნამდვილი წითელი მასალა“ შევინახე ჯანჯაფილის ლიმონათის ბოთლში ბოლო შემთხვევის შემდეგ, რომ მომეწერა, მაგრამ გასქელდა და ახლა ვერ ვიყენებ.
წითელი მელანიც გამოდგება, ვიმედოვნებ, ხა ხა.
შემდეგ საქმეზე ქალს ყურებს მოვაჭრი და პოლიციელებს გავუგზავნი — უბრალოდ გასართობად. არა? შეინახეთ ეს წერილი მანამ, სანამ კიდევ რამეს ჩავიდენ, მერე კი გამოაქვეყნეთ. ჩემს დანა იმდენად ბასრია, რომ არ მოთმინია მუშაობის დაწყება, თუ შანსი მომეცემა.
წარმატებებს გისურვებთ. თქვენი ერთგული, ჯეკ მფატრავი
P.S. ნუ მიაქცევთ ყურადღებას ჩემს ფსევდონიმს.
სამწუხაროდ წერილი ადრე ვერ გავაგზავნე — მელანის მოშორება ვერ მოვახერხე ხელებიდან. ჯანდაბა. ჯერ არ მიმართლებს. ამბობენ, ექიმი ვარ თურმე. ხა ხა“-ეწერა წერილში.
"Saucy Jacky"
რამდენიმე დღის შემდეგ პოლიციამ კიდევ ერთი წერილი მიიღო – "Saucy Jacky". მასში ავტორი აღწერდა ორ მკვლელობას, რომელიც სწორედ იმ დღეს მოხდა და დეტალები ზუსტად ემთხვეოდა რეალურ შემთხვევებს. ამან ეჭვი გააჩინა, რომ ის ნამდვილად მკვლელის მიერ იყო დაწერილი.
წერილის სტილი და ხელწერა თითქმის იდენტური იყო „Dear Boss“-ის სტილთან, რამაც გააჩინა ვარაუდი, რომ ავტორი იგივე იყო – მაგრამ ნამდვილად დერიპერი იყო ეს, თუ ვინმე სხვა, ამას ვერავინ ადასტურებდა.
"From Hell" – ყველაზე შემზარავი წერილი, რომელსაც თირკმელიც ახლდა
ყველაზე მყარი და შოკისმომგვრელი მტკიცებულება „From Hell“ წერილს უკავშირდება. იგი მივიდა ადგილობრივი მეთვალყურის, ჯორჯ ლასკის სახელზე და თან ახლდა ნახევარი ადამიანის თირკმელი – სავარაუდოდ ერთ-ერთი მსხვერპლის ორგანო. წერილი უწესრიგოდ და კოშმარულ ენაზე იყო დაწერილი. მკვლელი წერდა, რომ თირკმელი თავად ამოაჭრა ქალს და ნახევარი თავად შეჭამა.
წერილის ხელწერა, სტილი და მართლწერა სრულიად განსხვავდებოდა წინა ორისგან. ამიტომ ბევრი ექსპერტი სწორედ მას განიხილავს როგორც ნამდვილს და არა პრესის გამოგონილს. ეს იყო ერთ-ერთი იმ იშვიათი წერილთაგანი, რომელიც პირდაპირ რეალურ მტკიცებულებასთან იყო დაკავშირებული.
მიუხედავად იმისა, რომ წერილებმა საზოგადოებაში შოკი და შიში გამოიწვია, მათი ავთენტურობა დღემდე სადავოა. ზოგიერთ ისტორიკოსს სჯერა, რომ „Dear Boss“ და „Saucy Jacky“ პრესის სენსაციური სვლაა, ხოლო „From Hell“ შესაძლოა ერთადერთი ნამდვილი წერილი იყოს.
ჯეკ დერიპერის წერილები დღემდე წარმოადგენს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ და შემზარავ ეპიზოდს. მათით დაინტერესებულნი არიან როგორც ისტორიკოსები, ისე კრიმინოლოგები. ისინი არა მხოლოდ მკვლელობის დეტალებს აღწერენ, არამედ იმ დროის მედიის, საზოგადოებისა და პოლიციის რეაქციებსაც აჩვენებენ.
და მაინც, დარჩა მთავარი კითხვა – ვის ხელში შეიქმნა ეს წერილები? მკვლელის? ჟურნალისტის? თუ უბრალოდ მანიაკალური ხუმრობის ავტორის?

როგორ დავიძინოთ, თუ ოთახში ძალიან ცხელა
1753709700