1-ლი აგვისტოდან მნიშვნელოვანი სიახლე ამოქმედდება - ინფორმაცია მძღოლებისთვის
1750879109
საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტის, ფასს 9-ის, მიზნებისთვის მორიგ მაკროეკონომიკურ სცენარებს აქვეყნებს.
„აღნიშნული სცენარების მიზანია, ხელი შეუწყოს ფინანსური ინსტიტუტების მიერ ანგარიშგების გამჭვირვალედ, თანმიმდევრულად და ეფექტიანად წარმოებას. სცენარების მიმდინარე განახლება, რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკურ მოვლენებთან არსებული გაურკვევლობის ფონზე, ფინანსური ინსტიტუტების მაკროეკონომიკური ინფორმაციით დროულად უზრუნველყოფას ემსახურება.
დოკუმენტში ასახულ სცენარებში, ცვლადების დინამიკის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორები ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ხანგრძლივობასა და გლობალური სატარიფო პოლიტიკის სიმძიმესთან დაკავშირებული დაშვებებია. საბაზო სცენარში, მოკლევადიან პერიოდში, ეკონომიკური ზრდის წამყვან ფაქტორად შიდა მოთხოვნა, ხოლო, საშუალოვადიან პერიოდში, ტარიფების ეფექტის მილევის ფონზე, საგარეო მოთხოვნის ნორმალიზება მოიაზრება. ოპტიმისტური სცენარის მიხედვით, ეკონომიკური აქტივობა, საბაზო სცენართან შედარებით, უფრო მდგრადი ხასიათისაა, რაც ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გაფართოებასა და, გლობალური სავაჭრო მიმოქცევის პრობლემების სწრაფი მოგვარების შედეგად, ქვეყანაში ტვირთბრუნვის ზრდასა და გლობალურად სასურსათო ნედლეულის ფასებზე წნეხის შემცირებასთან არის დაკავშირებული. პესიმისტური სცენარი, გლობალურად სატარიფო პოლიტიკისა და ახლო აღმოსავლეთში დაპირისპირებების ესკალაციის ფონზე, სავაჭრო და ფინანსური პირობების გამკაცრების რისკებს მოიცავს. აღსანიშნავია, რომ მომავალ პერიოდთან დაკავშირებით გაურკვევლობა და რისკები გაზრდილია.
ფასს 9-ის მიხედვით, საკრედიტო რისკების შეფასებისას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სცენარებში წარმოდგენილ ინფორმაციას. კერძოდ, მოსალოდნელი საკრედიტო დანაკარგების შეფასებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს მაკროეკონომიკური და ფინანსური გარემოს მოსალოდნელი ტენდენციები და ადგილობრივი და გლობალური რისკები. აღნიშნული ხელს შეუწყობს საკრედიტო რისკების დროულ აღრიცხვას და ამდენად პოზიტიური გავლენა ექნება ფინანსურ სტაბილურობაზე. დოკუმენტში წარმოდგენილი რისკ-სცენარები არ წარმოადგეს ეროვნული ბანკის პროგნოზს და მათი გამოქვეყნება ფინანსური ინსტიტუტების მიერ ფასს 9 ანგარიშგების გამჭვირვალედ და ეფექტიანად წარმოებას ემსახურება.
ამასთან, მნიშვნელოვანია სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტების მიერ გამოყენებული მაკროეკონომიკური დაშვებები იყოს ურთიერთშესადარისი, რასაც წარმოდგენილი სცენარების გამოყენება უზრუნველყოფს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.