რა მოხდება, თუ მსოფლიოში ყველა ერთად ავანთებთ სინათლეს

ნათურები

მსოფლიოში ადამიანთა უმეტესობა განათებისთვის ელექტროენერგიას იყენებს. შესაბამისად, თუ ყველა ადამიანი სინათლეს ერთდროულად ჩართავს, მასზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზრდება.

ელექტროენერგია ენერგიის ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც სხვადასხვა სახის საწვავის გამოყენებით გამომუშავდება. ელექტროსადგურები, რომლებიც ელექტროენერგიის ერთგვარი "ქარხნებია", მას ქვანახშირისგან, ბუნებრივი აირისგან, ურანისგან, წყლის, ქარისა და მზისგან მოიპოვებს. შემდეგ ენერგიას გადამცემ ხაზებს აწვდის, ელექტროგადამცემი ქსელი კი მას სახლებსა და სხვადასხვა დაწესებულებაში ანაწილებს.

იმისათვის, რომ ქსელი სტაბილურად მუშაობდეს, ენერგია რეალურ დროში, მოთხოვნის შესაბამისად უნდა მოგვეწოდებოდეს. მაშინ, როცა ადამიანი სინათლეს ანთებს, ის რესურსს ამ ქსელიდან იღებს, საიდანაც გენერატორმა საჭირო ენერგია უნდა მიაწოდოს. თუ სისტემა თუნდაც რამდენიმე წამით დაირღვევა, შესაძლოა, დენი საერთოდ გაითიშოს.

სისტემის ოპერატორები მაღალტექნოლოგიურ კომპიუტერებს იყენებენ. ისინი ელექტროენერგიის მოთხოვნას მუდმივად აკონტროლებენ და მის გამომუშავებას საჭიროებისამებრ არეგულირებენ. ჯამურ მოთხოვნას "ტვირთი" ეწოდება. ის საათობრივად და სეზონურად მნიშვნელოვნად იცვლება.

მთელს მსოფლიოში ადამიანებმა სინათლე ერთდროულად რომ ჩავრთოთ, ელექტროენერგიაზე უზარმაზარი და მოულოდნელი მოთხოვნა წარმოიქმნება. ამ შემთხვევაში ელექტროსადგურებს დაზიანების თავიდან ასაცილებლად ენერგიის ძალიან სწრაფად გამომუშავება მოუწევდა.

ყველა ელექტროსადგური მოთხოვნაზე სხვადასხვანაირად რეაგირებს. ქვანახშირისა და ბირთვულ სადგურებს დიდი მოცულობის ენერგიის გამომუშავება თითქმის ნებისმიერ დროს შეუძლია. მიუხედავად ამისა, თუ ისინი მწყობრიდან გამოვა, ხელახლა გააქტიურებას, შესაძლოა, საათები დასჭირდეს. ამასთან, მათი რეაგირება მოთხოვნის ცვლილებაზე შედარებით ნელია.

ბუნებრივ აირზე მომუშავე სადგურები მოთხოვნაზე ბევრად სწრაფად რეაგირებს. ამ მიზეზით, ისინი ხშირად გამოიყენება იმ დროს, როცა ყველაზე მეტი ელექტროენერგიაა საჭირო — მაგალითად, ზაფხულში.

განახლებადი ენერგიის წყაროები (მზის, ქარისა და წყლის) გარემოს ნაკლებად აბინძურებს. მიუხედავად ამისა, მათი კონტროლი რთულია. ქარი ყოველთვის ერთნაირად არ ქრის და ყოველდღე თანაბრად არც მზე ანათებს.

მოთხოვნის ზრდისა და ვარდნის დასაბალანსებლად დიდ ბატარეებს იყენებენ. ჯერჯერობით მათში შეუძლებელია იმდენი ენერგიის შენახვა, რომ ამან მთელი ქალაქი ამუშაოს. ეს ძალიან ძვირი დაჯდებოდა და ენერგია სწრაფად ამოიწურებოდა. ზოგიერთი ჰიდროელექტროსადგური დაბალი მოთხოვნის დროს ტბებში წყალს წნევით აგროვებს. შემდეგ, როცა საჭიროა, მას ტურბინებში ატარებს, რაც ენერგიას წარმოქმნის.

საბედნიეროდ, არსებობს რაღაცები, რაც სისტემის სრულად ჩამოშლას ხელს შეუშლის, თუნდაც ყველამ ერთად ჩართოს შუქი. პირველი გლობალური ელექტროგადამცემი ქსელის არარსებობაა, რადგან თითქმის ყველა ქვეყანას საკუთარი აქვს.

მეზობელი ქვეყნების ქსელები (მაგალითად, აშშ-სა და კანადას შორის) ხშირად დაკავშირებულია, რათა ენერგია საზღვრებს შორის გადაადგილდეს. საჭიროების შემთხვევაში მათი სწრაფი გათიშვაც შესაძლებელია, ამიტომ თუ რომელიმე რეგიონში ელექტროენერგია გაითიშა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მთელ მსოფლიოშიც ასე მოხდეს.

მეორე ფაქტორი, რომელიც დაგვეხმარება, არის ის, რომ ბოლო 20 წელში ბევრ ქვეყანაში ძველი ნათურები ახალი, მანათობელი დიოდური ნათურებით (LED) შეიცვალა. LED ტექნოლოგია ძველ ნათურებზე ბევრად ნაკლებ ენერგიას მოიხმარს და იმავე ან მეტ შუქს ასხივებს.

აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის მიხედვით (DOE), LED ნათურების გამოყენებით ერთი ამერიკელი ოჯახი წელიწადში დაახლოებით 225 დოლარს ზოგავს. 2020 წლისთვის აშშ-ის სახლების თითქმის ნახევარი სწორედ LED ნათურებით იყო აღჭურვილი.

გარდა ამისა, შუქის ანთებისას უნდა დავფიქრდეთ იმაზეც, სად "წავა" ის. ერთდროულად განათება ცის ნათებას მნიშვნელოვნად გაზრდის. ამ დროს სინათლე ჰაერში არსებულ მტვერსა და ნისლს ეჯახება, შემდეგ კი იფანტება. შუქის კონტროლი რთულია. ის შეიძლება მანქანის ფანჯრებიდან და სხვა ზედაპირიდან აირეკლოს.

ზოგადად, ღამით ხელოვნური სინათლე ზედმეტად იმატებს. ამ პრობლემას კარგად დაპროექტებული სისტემებიც კი ვერ ჭრის. ქალაქები და გზატკეცილები კოსმოსიდან შესამჩნევი ხდება, ხმელეთიდან ვარსკვლავები კი — უხილავი. სინათლით დაბინძურება ადამიანის ჯანმრთელობასაც აზიანებს, ასევე ძილისა და გაღვიძების ბუნებრივ ციკლებს არღვევს. ის მწერებს, ფრინველებს, ზღვის კუებსა და სხვა ცოცხალ არსებებსაც აბნევს.

საბოლოო ჯამში, სინათლის ერთდროულად ჩართვა სისტემებს გამოწვევის წინაშე დააყენებს. გარდა ამისა, გარემოს დააზიანებს და ცოცხალ ორგანიზმებზე უარყოფით გავლენას იქონიებს.

წყარო