გამოთვალეს, რა სიჩქარით "ფიქრობს" ადამიანის ტვინი - იგი მოსალოდნელზე ნელი აღმოჩნდა

რა სიჩქარით "ფიქრობს" ადამიანის ტვინი

კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა შეისწავლეს, რა სიჩქარით შეუძლია ადამიანის ტვინს ინფორმაციის გაანალიზება. შედეგების მიხედვით, ჩვენი გონება მოსალოდნელზე ნელა მუშაობს.

ნაშრომმა აჩვენა, რომ ადამიანის ტვინი ინფორმაციას სულ რაღაც 10 ბიტი წამში სიჩქარით ამუშავებს. ეს მაშინ, როცა კომპიუტერები ყოველ წამში ტრილიონობით მოქმედებას ასრულებს. მეცნიერების აზრით, ამ ტიპის ანალიზისგან განსხვავებით, ჩვენი ფიქრი იმიტომაა ნელი, რომ აზრებს სათითაოდ ვამუშავებთ და არა პარალელურად.

პერიფერიული ნერვული სისტემა სხვაგვარად ფუნქციონირებს. სენსორულ ინფორმაციას იგი ერთდროულად აგროვებს, თანაც წამში გიგაბიტებს, ეს კი ჩვენს 10-ბიტიან შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად აღემატება.

კვლევა კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ნეირობიოლოგებმა ჩაატარეს, ძიეიუ ჭენგმა და მარკუს მეისტერმა. მათთვის გაუგებარია, რატომაა ასეთი აცდენა მიღებულ ინფორმაციასა და მისი დამუშავების სიჩქარეს შორის.

"ყოველ წამს მხოლოდ 10 ბიტ ინფორმაციას ვიღებთ იმ ტრილიონიდან, რომლებსაც ჩვენი გრძნობათა ორგანოები მოიპოვებს, და ამ 10-ს ვიყენებთ, რათა გარე სამყარო აღვიქვათ და გადაწყვეტილებები მივიღოთ", — ამბობს მეისტერი — "ეს პარადოქსს ქმნის: რას აკეთებს ტვინი მთელი ამ ინფორმაციის გასაფილტრად?"

ნაშრომში ჭენგი და მეისტერი ამტკიცებენ, რომ ჩვენი ტვინი წამში ათობით ბიტზე მეტს იშვიათად აანალიზებს. მათი თქმით, სულ რაღაც წამში 12 ბიტზე ნაკლები სიჩქარეა საჭირო, რომ რუბიკის კუბი თვალახვეულებმა ავაწყოთ; სტრატეგიული თამაშის, StarCraft-ის, პროფესიონალურად სათამაშოდ ეს მაჩვენებელი დაახლოებით წამში 10 ბიტი იქნება; ამ სტატიის წასაკითხად, შესაძლოა, 50 ბიტი წამში სიჩქარეც დაგჭირდეთ, თუნდაც დროებით.

როგორც ავტორები განმარტავენ, ბევრი კვლევით არაა შესწავლილი, თუ რატომაა შეუსაბამობა გარე სტიმულის დამუშავებასა და "შიდა ტვინის" გამოთვლებს შორის.

ადამიანის ტვინი ძალიან მძლავრია, როცა საქმე წმინდად ანალიტიკურ ძალაზე მიდგება. შიგნით არსებული დაახლოებით 80 მილიარდი ნეირონია, რომლებიც ტრილიონობით კავშირს წარმოქმნის; ესენი ისეა დაჯგუფებული, რომ ცხოვრების გასაგრძელებლად შეგრძნების, წარმოდგენისა და დაგეგმვის უნარები მოგვცეს... ნახეთ ვრცლად