VIDEO: ნახეთ, რა თქვა ინტერვიუში გიორგი ქოჩორაშვილმა, ესპანეთში დაბრუნების შემდეგ

გიორგი ქოჩორაშვილი

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი ესპანეთში დაბრუნდა. აეროპორტში მას Superdeporte-ს ჟურნალისტი დახვდა, რომელთანაც გიორგიმ მცირე კომენტარი გააკეთა.

ქოჩორაშვილმა საუბარი ევრო 2024-ზე გასვლით დაიწყო, მაგრამ ის უკვე ფოკუსირებულია ახალ სეზონზე:

"საქართველოში ისტორია დავწერეთ, ჩვენთვის ყველაზე მთავარია ეროვნულ ნაკრებში თამაში. უნდა დავტკბეთ ამ სიხარულით, მაგრამ ახლა კონცენტრაცია აწმყოზე უნდა გავაკეთოთ და უკვე ორიენტირებული ვარ ლევანტებს მატჩებზე".

სანამ ევრო 2024 იქნება, მანამდე ლა ლიგა 2-ში სეზონი უნდა დასრულდეს. 24 წლის ქართველი ფეხბურთელიც ამ ეტაპზე მხოლოდ საკლუბო მატჩებზეა კონცენტრირებული და სურს ლევანტეს ლა ლიგაში დაბრუნებაში დაეხმაროს.

"მთავარი ის იყო, რომ ფიზიკურად თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი. თუმცა ახლა მგზავრობისგან დაღლილი ვარ, ბაზაზე უნდა წავიდე, ძალები აღვიდგინო და გუნდთან ერთად ვარჯიში დავიწყო. მინდა ლევანტეს დავეხმარო ლა ლიგაში აღზევებაში, იქ დაბრუნებაში, სადაც ყოფნას იმსახურებს და დროა, ლევანტესთვის ყველაფერი გავაკეთოთ".