„შენ დღეს იტირებ, მაგრამ სხვა მიზეზით“ - ვის მიმართა ამ სიტყვებით ვილი სანიოლმა

სანიოლი

კვეკვესკირს ვესაუბრე. ვუთხარი, რომ ნანახი მქონდა 3 წლის წინ ვიდეო, სადაც ის ტიროდა. „შენ დღეს იტირებ, მაგრამ სხვა მიზეზით“ - ეს იყო ჩემი სიტყვები. მე ეს საუბარი სულ თავში მიტრიალებდა 26-ში. სიის შედგენისას კვეკვესკირს ვუთხარი, რომ მეხუთე ყოფილიყო. თუ გაიტანდა, ჩვენ შევქმნიდით ისტორიას, ეს განცდა მქონდა. იმ ვიდეოს გაგრძელება იქნებოდა - იტირებდა ბედნიერებისგან. ფეხბურთი ასეთი ისტორიებისგან შედგება, - ამის შესახებ „იმედის კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა განაცხადა.

ვილი სანიოლის თქმით, საბერძნეთთან მატჩის დროს პენალტების სერია მისთვის ძალიან სასიამოვნო მომენტი იყო. მწვრთნელმა ასევე ისაუბრა ფეხბურთელთა შესაძლებლობებზე და თუ როგორ ემზადებოდნენ ისინი გადამწყვეტი მატჩისთვის.

„ყველაზე ძნელი იყო, მიქსი გამეკეთებინა ახალგაზრდების, რომლებსაც ენერგია შემოაქვთ მოედანზე და გამოცდილი ფეხბურთელების. ავიღოთ საბერძნეთთან თამაში, ჩვენ რომ არ გვყოლოდა კაშია, კვირკველია, კვეკვესკირი, მაშინ მატჩს ვერ მოვიგებდით. გამოცდილებაა საჭირო და დავითაშვილისა და კვარაცხელიას ენერგია. სხვაგვარად ფიქრობ, როდესაც ხარ 32 და ასევე - 20 წლის.

ოქტომბრის შემდეგ მივხვდით, რომ სწორ გზაზე ვიყავით. აგიხსნით - სექტემბერში გვქონდა საშინელი მატჩი ესპანეთის წინააღმდეგ. სამ დღეში თამაში იყო ნორვეგიასთან, სადაც ჩემმა ფეხბურთელებმა მაჩვენეს ისეთი დონის დისციპლინა, ძალისხმევა და თავდადება, რომ მე იმ დღეს მივხვდი - აი, მივედით სასურველ ეტაპამდე. 90%-ით ვიცოდი, რომ ეს იქნებოდა ის ნაკრები, რომელიც გავიდოდა ევროპაზე.

დისციპლინის გარეშე არა თუ ფეხბურთში, არამედ ვერაფერში მიაღწევ წარმატებას. დისციპლინის გარეშე შენი ცხოვრება აურზაურია. ვიცი, ეს ბუდუმ გითხრათ, ის ძალიან საინტერესო ადამიანია. გოლების გატანამ მას თავდაჯერებულობა შემატა და აქვს საჭირო აგრესიაც. მოედანზე აგრესიაც საჭიროა. მე ბედნიერი ვარ მისი განვითარებით. მე ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით.

როდესაც პენალტების მომენტი დგება, ყველაზე მეტად რელაქსაციის დროა მწვრთნელისთვის, რადგან შენ უკვე არაფრის შეცვლა აღარ შეგიძლია. ვეღარ ეტყვი ფეხბურთელს, ამ მხარეს დაარტყას ბურთს თუ - მეორე მხარეს. პენალტების დროს აღარ ხარ მოქმედი მსახიობი, მხოლოდ მაყურებლად რჩები. პენალტები ჩემთვის იყო ძალიან სასიამოვნო მომენტი. როდესაც მივხვდი, რომ გოლის გატანას ვერ ვახერხებდით, უკვე პენალტებზე ვფიქრობდი. როდესაც ვერ იგებ, არ უნდა წააგო - ეს არის ჩემი ამოცანა.

ყველა ყვიროდა: მე მინდა დავარტყა, მე მინდა დავარტყა, - ეს არის ყველაზე ამაღელვებელი წამი. ეს ნიშნავდა, რომ მათ არ ეშინოდათ. ისინი იყვნენ თავდაჯერებული. მათ სურდათ მთავარი გმირები ყოფილიყვნენ. ამაზე კარგი რა უნდა იყოს!“ - განაცხადა სანიოლმა.

მან ისაუბრა, თუ რატომ აირჩია ქოჩორაშვილი პირველი პენალტის დასარტყმელად.

„გეტყვით, რატომ ავირჩიე ქოჩორაშვილი ყოფილიყო პირველი. სექტემბრიდან რაც ის ჩვენთან ერთადაა, შეძლო ბევრი რამის გუნდში შეცვლა. მისი უნარებით, მუშაობით და ხარისხით, მისი პროფესიონალური თვისებებითაც. მას დიდი დრო აქვს ესპანეთში გატარებული და განსხვავებული ტაქტიკური კულტურა გამოიმუშავა. ბევრი პლუსი მოუტანა ნაკრებს. მან მითხრა, „მე ვიქნები პირველი და დავარტყამ“. ვუთხარი: „კარგი“, რადგან ძალიან ვენდობი. თუ მე მჯეროდა, რომ ამ ფეხბურთელს შეეძლო სწორი ბიძგის მიცემა, ეს ბევრს გადაწყვეტდა და ამიტომაც დავთანხმდი, ვუთხარი: „მიდი, ქოჩორაშვილი“, - აღნიშნა ეროვნული ნაკრების მწვრთნლმა.

სანიოლმა ასევე ისაუბრა, თუ რატომ შეარჩია ბოლო პენალტის შემსრულებლად კვეკვესკირი.

„როდესაც სიას აკეთებ, ყოველთვის ფიქრობ პირველზე და ბოლოზე. პირველმა პოზიტიური დინამიკა უნდა შექმნას, ბოლომ უნდა გადაწყვიტოს მატჩის ბედი. მატჩის დღეს, დილას კვეკვესკირს ვესაუბრე. ვუთხარი, რომ ნანახი მქონდა 3 წლის წინ ვიდეო, სადაც ის ტიროდა. „შენ დღეს იტირებ, მაგრამ სხვა მიზეზით“ - ეს იყო ჩემი სიტყვები. მე ეს საუბარი სულ თავში მიტრიალებდა 26-ში. სიის შედგენისას კვეკვესკირს ვუთხარი, რომ მეხუთე ყოფილიყო. თუ გაიტანდა, ჩვენ შევქმნიდით ისტორიას, ეს განცდა მქონდა. იმ ვიდეოს გაგრძელება იქნებოდა, იტირებდა ბედნიერებისგან. ფეხბურთი ასეთი ისტორიებისგან შედგება. კვეკეს უნდა დაერტყა და ყოფილიყო მეხუთე.

იცით, რომ ბოლო გოლი კარგად არ მახსოვს? როგორც ყველა, ისე ვიყავი მეც. მე ვიყავი ბავშვი. ვტიროდი, ვხტუნაობდი, მახსოვს, უამრავი ადამიანი მეხუტებოდა. ეს იყო ბევრი კომპონენტის აკუმულაცია. ზოგჯერ ყველაფრის ახსნა შეუძლებელია. ეს იყო საქართველოს მომენტი. ჰაერში ტრიალებდა საქართველოს გამარჯვების განცდა და ეს იყო მთავარი!“, - განაცხადა სანიოლმა.

26 მარტს, საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. საქართველოს საფეხბურთო ნაკრები, ევროპის ჩემპიონატზე მატჩებს გერმანიაში, 18, 22 და 26 ივნისს გამართვას.