სერბეთის სახელით მოასპარეზე ზურაბ დათუნაშვილს, რომელიც ნაციონალური მოძრაობის წევრია, აკრძალული პრეპარატების გამოყენებისთვის, ოლიმპიური მედალი ჩამოართვეს და დისკვალიფიკაცია დაუწესეს

გვარამია

საერთაშორისო ანტიდოპინგურმა სააგენტომ (ITA) დაადასტურა, რომ სერბეთის სახელით მოასპარეზე ქართველი მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი ანტიდოპინგური წესების დარღვევისთვის 5 წლით არის დისკვალიფიცირებული.

დათუნაშვილს 2021 წლის 27 მაისს, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებამდე შარდის ჩანაცვლების მეთოდის გამოყენებაში ადანაშაულებენ. სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ (CAS ADD) 5-წლიანი დისკვალიფიკაცია 2024 წლის 19 სექტემბერს დაუწესა და 2021 წლის მაისის ბოლოდან 2023 წლის აპრილამდე სპორტსმენის მიერ მიღწეული ყველა შედეგი გააუქმა. ამის შემდეგ სპორტსმენს დროებითი დისკვალიფიკაცია დაუწესდა.

მიმდინარე თვეში CAS-მა სპორტსმენს აპელაციაზე უარი უთხრა და დაადასტურა, რომ მან წესები მართლაც დაარღვია. დათუნაშვილის 5-წლიანი დისკვალიფიკაცია 2028 წლის 10 აპრილამდე გაგრძელდება. ეს ასევე ადასტურებს სპორტსმენის შედეგების გაუქმებას, მათ შორის, ტოკიოს ოლიმპიადაზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მოგებული ბრინჯაოს მედლისა და 2021 და 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატების ოქროს მედლების.