კვარაცხელიას აგენტს ნეაპოლში ელიან - მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზე გადადის

კვარაა

„ნაპოლისთან“ დაახლოებული ტელევიზია Calcionapoli24 ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს და აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში, ქართველი შემტევის აგენტი, მამუკა ჯუღელი ნეაპოლში ჩავა და კლუბის ხელმძღვანელებთან მოლაპარაკებების დასკვნით ეტაპს გამართავს.

Calcionapoli24-ის ინფორმაციით, მხარეებმა სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის მიხედვითაც, ხვიჩას ანაზღაურება 4 მილიონ ევრომდე გაეზრდება და ხელშეკრულება 2028 წლის მაისის ბოლომდე გახანგრძლივდება.

ნეაპოლური გუნდისთვის ამ ეტაპზე პრიორიტეტი ხვიჩა კვარაცხელიას შენარჩუნება იქნება და კლუბი მზადაა, რომ გარკვეულ დათმობებზე წავიდეს.

ცნობისთვის, ამ დროის მონაცემებით, ქართველ ფეხბურთელს „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლის მაისის ბოლომდე აკავშირებს და ანაზღაურების სახით 1.4 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

წყარო: CrystalSport