„ხვიჩა კვარაცხელია უმაღლესი დონის ფეხბურთელია, მას ძალიან კარგად ვიცნობთ“ - ლაუტარო მარტინესი

კვარა პსჟ

ჩემპიონთა ლიგის 2024/2025 წლის სეზონის ფინალური მატჩის წინ „ინტერის“ არგენტინელა თავდამსხმელმა, ლაუტარო მარტინესმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც სხვა თემებთან ერთად, პსჟ-ს ქართველ ფეხბურთელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

„ხვიჩა უმაღლესი დონის ფეხბურთელია, მას ძალიან კარგად ვიცნობთ, რადგან „ნაპოლიში“ თამაშობდა. მას ძალიან უყვარს ღია სივრცეში მოქმედება და ორთაბრძოლებში შესვლა. კვარაცხელიას ძალიან დიდ ყურადღებას მივაქცევთ, როგორც პსჟ-ს სხვა შემტევებს, რომლებიც ასევე ძალიან ნიჭიერები არიან“, – განაცხადა მარტინესმა.

„პარი სენ-ჟერმენისა“ და „ინტერის“ მატჩი 31 მაისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. ფინალს მიუნხენში მდებარე სტადიონი „ალიანს არენა“ უმასპინძლებს.