1790255236
ერთა ლიგა | საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის გათამაშების პირველი მატჩი „დინამო არენაზე“ ჩრდილოეთ ირლანდიასთან გამართა. მსაჯის მიერ დამატებულ ბოლო წამზე გაშვებული გოლით საქართველო 0:1 დამარცხდა.
ვილი სანიოლის შერჩეული შემადგენლობა ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა – ძირითად შემადგენლობაში ვერ ვიხილეთ გიორგი ჩაკვეტაძე, ოთარ კიტეიშვილი, ასევე შესანიშნავ ფორმაში მყოფი ირაკლი ეგოიანი. ლოგიკური კი „ფროზინონეს“ თავდამსხმელის, გიორგი კვერნაძის დაყენება იყო, რომელმაც იტალიის სერია A-ში სეზონი შესანიშნავად დაიწყო.
მართალია, ტრიბუნებზე მხოლოდ საფეხბურთო სკოლების მოთამაშეები დაუშვეს, მაგრამ მცირერიცხოვანმა ქომაგებმაც სტადიონზე კარგი ატმოსფერო შექმნეს და გუნდს მხარს ძალიან ომახიანად უჭერდნენ.
სტუმრებმა თამაში მაღალი პრესინგით დაიწყეს და ვილი სანიოლის გაწვრთნილ გუნდს მეტოქის დაცვაში თავისუფალი სივრცეების ნახვა ძალიან გაუჭირდა. პირველი რეალური მომენტი 38-ე წუთზე კვარაცხელიას კუთხურის შემდეგ შეიქმნა, მაგრამ კვერნაძის თავური დარტყმა მცველმა მოიგერია.
პირველი ტაიმი ნულოვანი ფრით დასრულდა. სანიოლმა თამაშის შეცვლა მოედანზე ჩაკვეტაძის გამოყვანით და კვარაცხელიას ჩვეულ პოზიციაზე გადაწევით სცადა. ამან გუნდი აშკარად გამოაცოხლა. სწორედ „უდინეზეს“ შემტევმა შექმნა რეალური მომენტი 53-ე წუთზე და კარის წინ მიქაუტაძე დატოვა, მაგრამ „ვილიარეალის“ ფორვარდმა მეკარეს ვერ აჯობა.
64-ე წუთზე საქართველოს ნაკრებს ანგარიშის გახსნის რეალური შანსი ჰქონდა. ლოჩოშვილის წაქცევისთვის მსაჯმა სტუმართა კარში პენალტი დანიშნა, რომელიც კვარაცხელიამ შეასრულა, მაგრამ მეკარემ ბურთი მოიგერია.
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგაზე შემდეგ შეხვედრასაც შინ გამართავს – 28 სექტემბერს „დინამო არენაზე“ უკრაინას უმასპინძლებს.











