„დინამო გაგრა“ ბულგარეთში საერთაშორისო ტურნირზე მიემგზავრება - „ქართველი ფეხბურთელებით ბულგარეთში ძალიან დაინტერესებულები არიან“

დინამო გაგრა

ქართულ ფეხბურთში ისტორია კიდევ ერთხელ დაიწერა - საქართველოს ნაკრებმა 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე შეძლო და მსოფლიო აალაპარაკა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონი ესპანეთი გახდა. ტიტულები ქართველმა ფეხბურთელებმაც მოიპოვეს. გიორგი მამარდაშვილმა „ევრო 2024“-ზე 29 დარტყმა მოიგერია და საუკეთესო შედეგი აჩვენა. გიორგი მიქაუტაძე ჩემპიონატის თანაბომბარდირი და „ოქროს ბუცის“ მფლობელი გახდა. ტურნირის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საუკეთესო მეგოლე ქართველი ფეხბურთელი გახდა. 

ქართული ფეხბურთისადმი გაზრდილ ინტერესს არა მხოლოდ ჩვენი ფეხბურთის ლიდერები, არამედ, დაბალი ლიგის გუნდებიც გრძნობენ. ამის შესახებ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ აღდგენილი საფეხბურთო კლუბ გაგრას "დინამოს" დირექტორი დავით თაქთაქიშვილი „ლელოსთან“ საუბრობს:

თაქთაქიშვილის თქმით, კლუბი მალე ბულგარეთში მიემგზავრება და საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.

„საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული ასპარეზობის შემდეგ საფეხბურთო კლუბებსაც ბევრი შესაძლებლობები გაგვიჩნდა. მაგალითად ჩემი ძველი მეგობარი, ფიფა-ს საერთაშორისო საფეხბურთო აგენტი ბულგარეთიდან ევგენი მარინოვი დამიკავშირდა და ბულგარეთში საერთაშორისო ტურნირზე მიმიწვია.

ჩვენი ფეხბურთელები შეკრებას ბულგარეთის ქალაქ ბანსკოში გაივლიან, სადაც ძალიან მაღალი დონის საერთაშორისო მატჩებს გამართავენ. ვფიქრობ, ეს საშუალებას მოგვცემს ჩვენი ფეხბურთელები კიდევ უფრო განვავითაროთ და მივცეთ საერთაშორისო გამოცდილება. რაც მათი პროფესიული წინსვლისთვის უმნიშვნელოვანესია.

ამას გარდა, მე ის ფაქტი არანაკლებ მიხარია, რომ ბულგარეთში ითამაშებს ქართული გუნდი გაგრადან, აფხაზეთიდან, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია“,- ამბობს თაქთაქიშვილი.

კლუბ გაგრას "დინამოს" დირექტორი ბულგარეთის მხრიდან, ქართველი ფეხბურთელებით დაინტერესების შესახებ საუბრობს.

„ახლა ყველაზე სასიამოვნოზე, რაც ევგენი მარინოვმა მითხრა - რომ ქართული ფეხბურთით და ფეხბურთელებით ბულგარეთში ძალიან დაინტერესებულები არიან. ტურნირზე თამაში ჩემი კლუბის ფეხბურთელებისთვის არის შესაძლებლობა, რომ თავის გამოჩენის შემთხვევაში ბულგარული და სხვა ქვეყნის გუნდები დაინტერესდნენ, რადგან მასპინძლების გარდა, იქ თამაშები სერბეთის, ჩრდილოეთ მაკედონიისა და ისრაელის გუნდებთანაც გველის.

მხოლოდ ევროპიდან არ არის დაინტერესება, კავშირები მაქვს აზიაშიც და აფრიკაშიც, საიდანაც საფეხბურთო აგენტები ყოველი თამაშის შემდეგ საქებარ სიტყვებს არ იშურებდნენ ჩვენი ეროვნული ნაკრების მიმართ. ასევე მიდის პროცესები და დაინტერესება გაჩნდა აზიის ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ქვეყანაში - ქუვეითში. ისინი ამხანაგური მატჩების სერიას გვთავაზობენ და გაგრის "დინამო" ამ მიმართულებითაც აქტიურად მუშაობს“, განაცხადა თაქთაქიშვილმა.