აეროპორტების გაერთიანება: რიგაში სუბსიდირებული რეისით გაფრენის შესაძლებლობა მხოლოდ იმ მგზავრებს ექნებათ, რომლებიც გაფრენამდე თამაშზე დასასწრებ ბილეთს წარადგენენ

აეროპორტების გაერთიანება

რიგაში სუბსიდირებული რეისით გაფრენის შესაძლებლობა მხოლოდ იმ მგზავრებს ექნებათ, რომლებიც გაფრენამდე თამაშზე დასასწრებ ბილეთს წარადგენენ, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

გაერთიანების ცნობით, სუბსიდირებული რეისები 7 და 8 სექტემბერს შესრულდება.

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანება სუბსიდირებულ რეისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რიგის მიმართულებით 7 სექტემბერს, დილის 07:00 შეასრულებს, ხოლო უკან, საქართველოში გულშემატკივრებს 8 სექტემბერს დააბრუნებს.

სუბსიდირებული რეისი საქართველოსა და საფრანგეთის ეროვნული საკალათბურთო ნაკრებების თამაშზეა მორგებული, რომელიც 7 სექტემბერს, თბილისის დროით 16:15 საათზე გაიმართება.

ლატვიის დედაქალაქში სუბსიდირებული რეისით გაფრენის შესაძლებლობა მხოლოდ იმ მგზავრებს ექნებათ, რომლებიც რიგაში გაფრენამდე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ევრობასკეტ 2025-ის გასამართ თამაშზე დასასწრები ბილეთის წარმოდგენას შეძლებენ.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ სუბსიდირებული ცალმხრივი ავიაბილეთის ღირებულება 195 ევროს შეადგენს. სუბსიდირებული ბილეთების შეძენა საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებს ონლაინ პლატფორმა tkt.ge-ზე 15:00 საათიდან შეეძლებათ“, – ნათქვამია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.