Starring Georgia-ს შეკვეთილის მუსიკალურ სეზონს Massive Attack შეემატა

Starring Georgia-ს შეკვეთილის მუსიკალურ სეზონს Massive Attack შეემატა

28 ივლისს, Black Sea Arena ლეგენდარულ ბრიტანულ პროექტს Massive Attack-ს უმასპინძლებს. ბილეთების გაყიდვა ხვალ, 25 აპრილს დაიწყება TKT.ge-ზე.

პირველად საქართველოში, მსმენელს საშუალება მიეცემა ცოცხლად მოისმინოს ისეთი ცნობილი კომპოზიციები, როგორებიცაა Teardrop, Unfinished Sympathy, Paradise Circus. ბენდის ღონისძიებები ხშირად აუდიო-ვიზუალურ თეატრალურ წარმოდგენებს ჰგავს, რადგან Massive Attack-ი ყოველთვის ცდილობს მათი შემოქმედება რეალური და ყოველდღიური ცხოვრების დეტალებთან კავშირში იყოს.

Massive Attack ცნობილია ჰიპ-ჰოპის, ელექტრონიკის, დაბის და კიდევ მრავალი მუსიკალური ჟანრის ჰარმონიულად შერწყმის ოსტატობით. მათი შემოქმედება არღვევს მუსიკაში არსებულ ყველა საზღვარს. სწორედ ამის შედეგია, რომ ბრისტოლში დაფუძნებულმა ჯგუფმა შექმნა ერთგულ გულშემატკივართა უდიდესი არმია მთელ მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოშიც.

უკვე მე-2 წელია, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით , Black Sea Arena საქართველოში მასშტაბურ კამპანიას - Starring Georgia - ს აგრძელებს. კამპანიის მთავარი მიზანია ხელმისაწვდომი გახადოს ქართველი ახალგაზრდებისთვის საკუთარ ქვეყანაში მათი საყვარელი მუსიკოსების მოსმენა, განავითაროს ქვეყნის გასართობი ინდუსტრია და ხელი შეუწყოს საქართველოს პოპულარიზაციას.