1701023097
„თვალისმომჭრელად ლამაზი იყავი ყველგან, ყოველთვის...“ - ტრაგიკულად დაღუპულ გოგოს ემშვიდობებიან
ჭიათურაში მეთერთმეტე კლასელი გოგო ტრაგიკულად დაიღუპა. ინფორმაციას ჭიათურის №1 საჯარო სკოლა სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„ქალაქ ჭიათურის N1 საჯარო სკოლის დირექცია, პედაგოგიური საზოგადოება, მოსწავლეები და მათი მშობლები, ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ ამავე სკოლის, მე-11 კლასის მოსწავლის ქეთი ფერაძის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო“, – ნათქვამია სამძიმრის ტექსტში.
გოგონას სოციალურ ქსელში მეგობრები ემშვიდობებიან.
„უბედურ დღეზე გაჩენილი როგორ გიწოდო, როცა ამხელა სიყვარულებს გატანენ საგზლად.
ვერ დაამძიმა შენმა ცოდვამ ეს დედამიწა, ისევ და ისევ ურცხვად მიჰყვება ცხოვრების შარას.
ხვალ, ხელს დაუქნევ ამქვეყნიურ ამბორს, დიდებას, ბევრად მეტი ხარ,
ეს იცოდე, სხვა არაფერი აღარ მჭირდება.
რა უცნაური კანონი აქვს ამ ჩვენ ცხოვრებას, სული გიჟდება, როცა სტკივა, მთლად ველურდება, ამქვეყნიური პარადოქსი არასდროს რჩება, კანონი, ზომაც ერთიანად მკაწვრელი ხდება.
ვიდრე მოთოვს და ამოვარდება ლეშთა წიოკის ხმათა ამბორი, მოდი, ჩააქრე ყველა სანთელი და დაიძახე, თქვი და დაბრუნდი.
სული და გული, თითებიც კი დაფლეთილია, პირჯვარს რომ ვიწერ სიმწრის ცრემლები. სულ თითებიდან მიმწარდებიან.
ბაბუაწვერას დაემსგავსე, ანდა პეპელას, ქარის დაბერვამ დაარღვია შენი სუნთქვები, ახლა კი ვიცი, ღვთისსამჯავროზე ყველაზე ფერად პეპელად გადაიქცევი.”
„იმდენი ლამაზი მოგონება მაკავშირებს შენთან, რომ არ შემიძლია იმ მდგომარეობაში წარმოგიდგინო, როგორშიც ახლა ხარ, ქეთი…“
რამდენჯერ გვისაუბრია, გაგვიზიარებია ერთმანეთისთვის დარდები და სულ იმ დასკვნამდე მივსულვართ, რომ ძალიან ძლიერი გოგონები ვიყავით და ყველაფერი შეგვეძლო.
ბოლოს, წვიმიან საღამოს გნახე, გამეტებით წვიმდა, მაგრამ მაინც გავარჩიე შენი ცრემლები, რომელიც საშინლად არ გიხდებოდა. თვალისმომჭრელად ლამაზი იყავი ყველგან, ყოველთვის…
მოვედი, ჩაგეხუტე, ქოლგის ქვეშ შეგიფარე, მერე ბევრი ვისაუბრეთ, შენ დამპირდი, რომ ყველაფერს გაუძლებდი და ამის შემდეგ, აღარაფერს მისცემდი იმის უფლებას, რომ შენი ფაქიზი გულ-სულის კამკამა ნაკადულები ქარიშხლებით აემღვრია.
მაგრამ ქეთო, მაინც აუმღვრევია ამ ვერაგ ცხოვრებას, მაინც მოგრევია სიკვდილი. ჩემო უბოროტო მეგობარო, სამუდამოდ, სამარადისოდ იქნები ჩემი გულის ტკბილი, თან მწარე ნაწილი!
ყველას გვაპატიე, რომ შენს გულს ვერავინ გაუფრთხილდა და ვერავინ გაიზიარა შენი ლამაზი სულის სილამაზე!
ერთი კი ვიცი,
შევხვდებით, აუცილებლად შევხვდებით! მიყვარხარ!
მადლობა ყველა ლამაზი მოგონებისთვის, რომელიც ტკბილი საგზლის სახით გამყვება თან, მთელი ცხოვრება!“ - წერენ გარდაცვლილი გოგოს მეგობრები.