ტრაგედია რომში - კონტის ისტორიული კოშკის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

ტრაგედია რომში

რომში მე-13 საუკუნის კონტის ისტორიული კოშკის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

როგორც „როიტერი“ წერს, დაღუპული რუმინელი მუშაა, რომელიც 11 საათის განმავლობაში ნანგრევების ქვეშ იმყოფებოდა.

რომის პოლიციის განმარტებით, მამაკაცი სასწრაფო დახმარების მანქანაში გარდაიცვალა.

ამასთან, დაშავდა კიდევ ერთი მუშა, რომელიც საავადმყოფოში მალევე გადაიყვანეს. მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები არ აღენიშნება.

იტალიური მედიის ინფორმაციით, დაშავებულთაგან ორს სამედიცინო დახმარება ადგილზევე გაუწიეს.

კოლიზეუმთან ახლოს მდებარე შუა საუკუნეების კოშკის ნაწილი მისი რეკონსტრუქციის დროს ჩამოინგრა. ნგრევის გამომწვევი გარემოებების გამოძიება დაწყებულია. ცნობისთვის, რომში მდებარე ისტორიული კოშკი 1238 წელს, პაპ ინოკენტი III-ის ძმამ, რიჩარდ კონტიმ ააშენა, როგორც რეზიდენცია თავისი ოჯახისთვის.