მარკ რუტე

მსოფლიო • 1790782920

მარკ რუტე: ყველამ იცის, რომ პუტინი ნატოსთან ომში ვერასდროს გაიმარჯვებს

ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ Euronews-ს განუცხადა, რომ ალიანსის ტერიტორიას დაუყოვნებლივი საფრთხე არ ემუქრება. მან ასევე დასძინა, რომ რუსეთის ბირთვულ მუქარას სერიოზულად არ აღიქვამს, რადგან მოსკოვი ნატოსთან დაპირისპირებაში ვერასდროს გაიმარჯვებს.„ჩვენ ამისთვის მოვემზადეთ, ეს დავგეგმეთ და ეს მთელ ნატოს ეხება“, - განაცხადა რუტემ ოთხშაბათს, ბრიუსელში გამართულ Euronews-ის თავდაცვისა და კოსმოსის სამიტზე.„ჩვენ ნატოს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს დავიცავთ. ეს საფრთხე არ არსებობს, ხოლო თუ რამე მოხდება, ჩვენ მზად ვართ საპასუხო დარტყმისთვის“, - განაცხადა მან.„ჩვენ თავდაცვითი ალიანსი ვართ. შეაჩერეთ ბირთვული მუქარა. ეს სრულიად უადგილო და უსარგებლოა. და რაც მთავარია, შეაჩერეთ ომი უკრაინაში, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ მიმართული გაუმართლებელი აგრესიული ომია“, - განაცხადა რუტემ.„ყველამ იცის, რომ ის [რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი] ნატოსთან ომში ვერასდროს გაიმარჯვებს. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვუპასუხოთ და მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ ნატო თავდაცვითი ალიანსია, როგორც უკვე აღვნიშნე - შეაჩერეთ ომი უკრაინაში და შეაჩერეთ ბირთვული მუქარა“, - დასძინა მან.

რუმენ რადევი

მსოფლიო • 1790781774

ბულგარეთის პრემიერი ევროპას მოუწოდებს, ბირთვული თავდასხმის თავიდან ასაცილებლად რუსეთთან დიალოგი დაიწყოს

ევროკავშირი რუსეთთან დიპლომატიურ ჩართულობაზე უნდა გადავიდეს, რათა უკრაინაში ომი დასრულდეს და კატასტროფული ბირთვული თავდასხმა თავიდან იყოს აცილებული, - განაცხადა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა, რუმენ რადევმა Euronews-ის თავდაცვისა და კოსმოსურ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.რადევმა ასევე გააკრიტიკა ევროპის მიერ უკრაინისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდების გაგრძელება და მას „ძალით მშვიდობის დამყარების“ წარუმატებელი სტრატეგია უწოდა.„მხოლოდ იარაღის მიწოდებასა და მხარდაჭერას თავისი ზღვარი აქვს, რადგან საბოლოო მშვიდობა დიპლომატიით დამყარდება და არა შეიარაღებით. ასე რომ, ჩვენი მოწოდებაა, მეტად მოვუსმინოთ ერთმანეთს და აღვადგინოთ კომუნიკაციის არხები“, - აღნიშნა რადევმა.„პრობლემა ის არის, რომ ბირთვული რისკის შესახებ კითხვას არავინ სვამს. არსებობს ის? შეიძლება არა, არ ვიცი, მაგრამ ეს მაინც რისკია“, - განაგრძო მან.„ყოველთვის უარესი სცენარისთვის უნდა ვიყოთ მზად. ვართ კი ამისთვის მზად? საუბრობს ვინმე რისკების შეფასებაზე? საერთოდ არსებობს ასეთი რამ? რადგან ჩვენ ვცდილობთ, უდიდეს ბირთვულ სახელმწიფოზე კონვენციური გამარჯვება მოვიპოვოთ. [...] ჩვენ ვერ დავხუჭავთ თვალს იმაზე, რომ ჩვენს კონტინენტზე ბირთვული იარაღია, ბირთვული იარაღია რუსეთის არენალშიც. ეს კი თამაშის გაანგარიშების ნაწილია“, - დასძინა ბულგარეთის პრემიერმა.

აშშ-ის ელჩი ევროკავშირში

მსოფლიო • 1790772439

აშშ-ის ელჩი ევროკავშირში: ინიციატივა „იყიდე ევროპული“ მოკავშირეების გაუცხოებისა და თავდაცვის ინდუსტრიის დაქსაქსვის რისკს ქმნის

ევროკავშირის მცდელობამ უპირატესობა საკუთარი ქვეყნების თავდაცვის ინდუსტრიას მიანიჭოს შესაძლოა „მოკავშირეების გაუცხოებასა“ და ტრანსატლანტიკური თავდაცვის ინდუსტრიული ბაზრის დაქსაქსვას შეუწყოს ხელი, განაცხადა აშშ-ის ელჩმა ევროკავშირში ენდრიუ პაზდერმა.ბრიუსელში Euronews-ის თავდაცვისა და კოსმოსის სამიტზე საუბრისას, პაზდერმა განაცხადა, რომ თავდაცვის სფეროში გადაწყვეტილებების მიღებისას მთავარი ეფექტიანი შეიარაღების ხელმისაწვდომობა უნდა იყოს და არა მისი წარმოების გეოგრაფიული ადგილი.„ჩვენი მტრები იგებენ მხოლოდ მაშინ, როდესაც ყურადღებას ვკარგავთ ყველაზე ეფექტიანი იარაღის შექმნასა და ურთიერთთავდაცვის მხარდაჭერაზე. თუ რომელიმე წევრ ქვეყანას ძლიერი მოწინააღმდეგე თავს დაესხმება, ყველა მადლიერი ვიქნებით, რომ ყურადღება იარაღის უპირატესობაზე გავამახვილეთ და არა რეგიონულ ეკონომიკურ ინტერესებზე“, - განაცხადა პაზდერმა.მისი თქმით, როდესაც ადამიანების სიცოცხლე საფრთხეშია, „გადაწყვეტილებას შესაძლებლობები და ხელმისაწვდომობა უნდა განსაზღვრავდეს და არა გეოგრაფიული მდებარეობა“.ევროკომისიამ და ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა წარმოადგინეს წინადადებები, რომლებიც ადგილობრივი იარაღის მწარმოებლებისთვის უპირატესობის მინიჭებას ითვალისწინებს. ინიციატივის მიზანია ევროპამ შეამციროს აშშ-ში წარმოებულ შეიარაღებაზე დამოკიდებულება, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში ტრანსატლანტიკურ ალიანსში უთანხმოების ნიშნები გაძლიერდა.ამ ინიციატივას მკაცრად ეწინააღმდეგება აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი, მიუხედავად იმისა, რომ თავად ტრამპის ადმინისტრაცია ნატოს ევროპელ მოკავშირეებზე ზეწოლას ახორციელებს, რათა მათ საკუთარი თავდაცვისუნარიანობის უზრუნველყოფაში უფრო დამოუკიდებელი როლი შეასრულონ.ევროკავშირის მცდელობას, ევროპული წარმოების შეიარაღებას უპირატესობა მიანიჭოს, დამატებითი ბიძგი მისცა ტრამპის განცხადებებმა გრენლანდიის იძულებით ხელში ჩაგდების შესაძლებლობაზე და უკრაინისთვის ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერის მკვეთრმა შემცირებამ.ამასთან, ახალმა ინიციატივამ ევროკავშირის წევრი ქვეყნები დაყო. ზოგიერთი მთავრობა ზედმეტი პროტექციონიზმის წინააღმდეგ გამოდის, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-ს შეიარაღების წარმოების მნიშვნელოვანი შესაძლებლობები აქვს.სამშაბათს ნატოს უმაღლესმა სამხედრო მეთაურმა ალექსუს გრინკევიჩმა ევროპარლამენტის თავდაცვის კომიტეტთან საუბრისას განაცხადა, რომ სამხედრო ტექნიკის წარმოების ადგილის მიხედვით უპირატესობების ოფიციალურად განსაზღვრა მხოლოდ ევროპის „მოწინააღმდეგეებს“ აძლევს ხელს.პაზდერმა დადებითად შეაფასა ევროკომისიის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, უკრაინისთვის განკუთვნილი ევროკავშირის მიერ ახლახან დამტკიცებული 90 მილიარდი ევროს სესხის ფარგლებში ამერიკული თავდაცვითი პროდუქციის შესყიდვაც არის შესაძლებელი.მისი თქმით, აშშ მომავალში ევროკავშირის თავდაცვის პოლიტიკის შემუშავებისას მსგავსი მიდგომის შენარჩუნებასაც მოითხოვს.„ჩვენ გავაგრძელებთ გულწრფელ მოლაპარაკებებს. ზოგჯერ ჩვენ ერთმანეთს არ დავეთანხმებით. თუმცა, ზოგადად, ვფიქრობ, რომ ბევრ საკითხზე შეთანხმებას მივაღწევთ“, - განაცხადა პაზდერმა.მისივე თქმით, ევროკომისიამ მიანიშნა, რომ „არ აპირებს“ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ხელი შეუშალოს, ეროვნული ბიუჯეტიდან აშშ-ის შეიარაღების სისტემების შესყიდვაში.

მოლდოვის შინაგან საქმეთა სამინისტრო

მსოფლიო • 1790757360

მოლდოვის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქვეყნის ტერიტორიაზე უკრაინის მიმართულებით გაშვებული რუსული დრონი ჩამოვარდა და აფეთქდა

მოლდოვის ტერიტორიაზე უკრაინის მიმართულებით გაშვებული რუსული დრონი ჩამოვარდა და აფეთქდა, – ამის შესახებ მოლდოვის შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს.უწყების მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, უპილოტო საფრენი აპარატი მოლდოვის ნოვოანენსკის რაიონის სოფელ ხირბოვეცის მიმდებარედ, ღია ტერიტორიაზე ჩამოვარდა და აფეთქდა. აღნიშნული დასახლება უკრაინის ოდესის ოლქის საზღვრიდან დაახლოებით 20 კილომეტრში მდებარეობს.პოლიციის ინფორმაციით, ინციდენტის შესახებ უწყებას ადგილობრივი დროით 05:40 საათზე შეატყობინეს.წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.ამასთან, უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მორიგი თავდასხმის გამო პოლონეთმა ავიაცია აამოქმედა, დროებით დახურეს ჟეშუვისა და ლუბლინის აეროპორტები. ამჟამად ორივე აეროპორტში ფრენები აღდგენილია.

კიევი

მსოფლიო • 1790744821

რუსეთმა კიევი ბალისტიკური რაკეტებით დაბომბა. დაიღუპა ორი ადამიანი

 რუსეთმა გვიან ღამით კიევზე რაკეტებითა და დრონებით იერიში მიიტანა. თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა, იუწყება უკრაინული მედია.მედიის ინფორმაციით, აფეთქებების შედეგად უკრაინის დედაქალაქის რამდენიმე რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება შეფერხდა.რუსეთი უკრაინის დედაქალაქ რამდენიმე დღეა განუწყვეტლივ ბომბავს. ადგილობრივი დროით, დაახლოებით, ღამის 3 საათზე კიევში ათზე მეტი აფეთქების ხმა გაისმა. მანამდე უკრაინის საჰაერო ძალებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ დედაქალაქისკენ ბალისტიკური რაკეტები მიემართებოდა. ქალაქში საჰაერო თავდაცვის სისტემების მუშაობის ხმაც ისმოდა, წერს მედია.უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად კიევის სვიატოშინის რაიონში ორი ადამიანი დაიღუპა. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, რომელთა რაოდენობა, სულ მცირე, ათს შეადგენს.პოდოლსკის რაიონში არასაცხოვრებელ შენობასა და საწყობს ცეცხლი გაუჩნდა. ამასთან, ქალაქის პეჩერსკის რაიონში ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის შესახებაც გავრცელდა ინფორმაცია.რუსეთის თავდასხმის შედეგად მსხვერპლია კიევის ოლქშიც. ვიშგოროდში, დანგრეული საცხოვრებელი სახლის ნანგრევებში, სულ მცირე, ერთი დაღუპული ბავშვი იპოვეს. დაშავდნენ ქალი და მამაკაცი.კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ტიმურ ტკაჩენკოს ცნობით, ქალაქ ბუჩაში თავდასხმის შედეგად 11 ავტომობილი, ორი საწყობი და სამი საცხოვრებელი სახლი დაზიანდა. 

დონალდ ტუსკი

მსოფლიო • 1790699138

რუსეთის აგრესიული მოქმედებები უკრაინის წინააღმდეგ სულ უფრო უახლოვდება პოლონეთის საზღვარს - დონალდ ტუსკი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ წინ ძალიან რთული კვირები და თვეებია, რაც „რუსეთის მიერ უკრაინის მიმართ უკიდურესად აგრესიულ პოზიციას“ უკავშირდება.დონალდ ტუსკის განმარტებით, რუსეთის ეს აგრესიული მოქმედებები პოლონეთის საზღვარს „სულ უფრო უახლოვდება“.„წინ ძალიან რთული კვირები და თვეებია, რომლებიც რუსეთის მიერ უკრაინის მიმართ სულ უფრო აგრესიულ პოზიციას უკავშირდება და, სამწუხაროდ, რუსეთის ეს აგრესიული მოქმედებები უკრაინის წინააღმდეგ სულ უფრო უახლოვდება ჩვენს საზღვარს“, – აღნიშნა ტუსკმა.მისივე თქმით, პოლონეთის მთავრობა და სპეცსამსახურები კონცენტრირებულნი არიან იმაზე, რომ საფრთხე პოლონეთის ტერიტორიაზე არ გავრცელდეს.„ჩვენ კონცენტრირებული ვართ იმაზე, რომ პოლონეთის მხარეს ცუდი არაფერი მოხდეს“, – განაცხადა პოლონეთის პრემიერმა.დონალდ ტუსკი 28 სექტემბერს მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. რუსული რეაქტიული დრონი უკრაინის ტერიტორიაზე, პოლონეთთან, დოროჰუსკის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან დაახლოებით ორ კილომეტრში ჩამოვარდა.„ყოველ ღამით თუ დღე-ღამის განმავლობაში, ჩვენ იძულებულნი ვართ არაერთხელ გავააქტიუროთ ჩვენი ავიაცია, რადგან რუსეთის თავდასხმებმა პოლონეთის საზღვართან – კერძოდ, სასაზღვრო გამშვებ პუნქტებსა და საზღვრის მიმდებარე ინფრასტრუქტურაზე – უკვე სისტემატური ხასიათი მიიღო“, – განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.მისივე თქმით, პოლონეთის შესაბამისი სამსახურები აღმოსავლეთ საზღვრის მიღმა შექმნილი ვითარების გამო გაძლიერებულ მზადყოფნაში იმყოფებიან.

ტრამპი

მსოფლიო • 1790695740

The Atlantic: ტრამპმა შესაძლოა რუსეთს სანქციების ნაწილი უკრაინაში ომის დასრულებამდე მოუხსნას

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენელმა აღმოსავლეთ ევროპაში, ჯონ კოულმა თეთრი სახლის ლიდერს ახალი დიპლომატიური ინიციატივით მიმართა. გეგმა ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის არსებული ჩიხური სიტუაციიდან გამოსვლას ითვალისწინებს - კერძოდ, რუსეთისთვის სანქციების ნაწილობრივ მოხსნას კრემლის პოლიტპატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ. ამის შესახებ გამოცემა The Atlantic-ის ჟურნალისტი, საიმონ შუსტერი იტყობინება.ავტორის ინფორმაციით, ინიციატივა ჯერ ადრეულ ეტაპზეა, თუმცა მან შესაძლოა ტრამპს კრემლთან კომუნიკაციის დამყარების ახალი არხი გაუხსნას. ეს მიმართულება უკრაინის ომის მიღმა არსებულ საკითხებს ეხება, რომლის შეჩერებასაც ვაშინგტონი ამ ეტაპზე ვერ ახერხებს. გარდა ამისა, სტრატეგიამ შესაძლოა ხელი შეუწყოს აშშ-ისთვის ხელსაყრელი კონტრაქტების დადებას რუსული ნავთობპროდუქტების მიწოდებაზე, ხოლო პოლიტპატიმრების გათავისუფლებამ ტრამპს ნობელის მშვიდობის პრემიის მიღების არგუმენტები გაუძლიეროს.შუსტერი აღნიშნავს, რომ ამ მიდგომამ შესაძლოა უკრაინელების გარდა ევროპელებისა და ამერიკელების ნაწილის უკმაყოფილებაც გამოიწვიოს, რადგან მსგავსი გარიგება რუსეთს საშუალებას მისცემს, მეტი ფინანსური რესურსი მიმართოს უკრაინაში ტერორისკენ.აღნიშნული სტრატეგია კოულმა მანამდე ბელარუსში გამოსცადა, სადაც ასობით პოლიტპატიმრის გათავისუფლებას მიაღწია, სანაცვლოდ კი აშშ-მა ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმს სანქციები შეუმსუბუქა. ახლა კოულმა, ტრამპის თანხმობით, იგივე მიდგომის გამოყენება ვლადიმირ პუტინთანაც გადაწყვიტა. კოულის აზრით, ეს ვარიანტი სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესსაც წაადგება.„ეს ყველაფერი მშვიდობის დამყარებას უწყობს ხელს. რაც მეტია ურთიერთქმედება და კომპრომისი - იქნება ეს ეკონომიკურ სფეროში, პატიმრების საკითხში თუ სხვაგან - ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ მშვიდობამდე. ეს თავისებური მისიაა“, - განუცხადა კოულმა შუსტერს.უკრაინული მხარე შექმნილ სიტუაციას სრულიად განსხვავებულად აფასებს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შუსტერთან საუბარში აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა ომის დასრულებამდე რუსეთისთვის სანქციების მოხსნის ნებისმიერი მცდელობა დაბლოკოს, თუმცა იქვე აღიარა, რომ ეს მარტივი არ იქნება.უკრაინელი მომლაპარაკებლებისთვის ცნობილია ტრამპის გეგმების შესახებ, გამოიყენოს სამშვიდობო პროცესი ბიზნესგარიგებების წასახალისებლად. თუმცა, წყაროების ცნობით, ტრამპის წარმომადგენლები ამ ეტაპზე ვერ ხედავენ რუსეთთან ბიზნესის კეთების შესაძლებლობას უკრაინაში ცეცხლის ნაწილობრივ შეწყვეტამდე მაინც. კოულის გეგმა კი სწორედ ამ დაბრკოლების გვერდის ავლის გზად მოიაზრება.ავტორის ცნობით, კოულს ეს იდეა რუს დისიდენტ დმიტრი მურატოვთან შეხვედრისას გაუჩნდა, რომელმაც მიხეილ გორბაჩოვისა და რონალდ რეიგანის თანამშრომლობის პრეცედენტი გაიხსენა. იმ პერიოდში ვაშინგტონი მოსკოვს პატიმართა სიებს გადასცემდა, რასაც საბჭოთა მხარე ეთანხმებოდა, ამან კი ქვეყნებს შორის დაძაბულობა შეამცირა.ამჟამად აშშ კვლავ კონცენტრირებულია ომის დასრულების მცდელობაზე. ამ თვეში აბუ-დაბიში დაგეგმილია სამმხრივი შეხვედრა ენერგეტიკულ სექტორში ცეცხლის შეწყვეტის განსახილველად, ასევე არსებობს ეგვიპტის ინიციატივა შავ ზღვაში სატვირთო გემებზე თავდასხმების შეჩერებაზე. თუმცა, კიევში ამ შეხვედრების ეფექტიანობის გაზაფხულამდე არავის სჯერა.ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ შუსტერთან საუბარში აღნიშნა, რომ სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ პატიმრების ვაჭრობა რეჟიმებს მხოლოდ წაახალისებს, რომ უფრო მეტი ადამიანი დააკავონ.„ადამიანებით ვაჭრობა მათ არაფერი უჯდებათ. მათ ყოველთვის შეუძლიათ მეტი ადამიანის დაპატიმრება, მაშინ როდესაც დასავლეთი სანქციების გაუქმებითა და გარიგებებით ამ რეჟიმებზე გავლენას კარგავს“, - ხაზგასმით აღნიშნა ტიხანოვსკაიამ.

რომის პაპი ლეო

მსოფლიო • 1790673834

რომის პაპმა რუსეთსა და უკრაინას მოუწოდა, მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდნენ და ომის დასრულების გზები განიხილონ

რომის პაპმა ლეომ რუსეთსა და უკრაინას მოუწოდა, მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდნენ და ომის დასრულების გზები განიხილონ. აღნიშნული განცხადება პონტიფიკოსმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ევროპელ ლიდერებს მშვიდობის მისაღწევად დათმობებზე წასვლისკენ მოუწოდა.პაპმა ასევე გააკრიტიკა მსოფლიო ლიდერები, რომლებიც, მისი თქმით, „ბირთვულ იარაღსა და სულ უფრო დამანგრეველ ომებზე მსჯელობას იწყებენ“.„ეკლესიას აკისრია პასუხისმგებლობა, ხელი შეუწყოს ამ ღირებულებების დამკვიდრებას და მუდმივად მოუწოდოს ლიდერებს - როგორც რუსეთისა და უკრაინის, ისე სხვა ქვეყნების - შეიკრიბონ, დასხდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან და დაიწყონ დიალოგი“, - განაცხადა რომის პაპმა.მისი თქმით, ლიდერებმა უნდა „იპოვონ პრობლემების გადაჭრის გზები იმ ომების გაგრძელების გარეშე, რომლებმაც უკვე ყოველგვარი აზრი დაკარგეს“.„საუბარი არ არის პოლიტიკაზე ან მის არარსებობაზე. საუბარია იმაზე, რომ უნდა ისმოდეს ხმა, რომელიც იცავს ადამიანის ღირსებას, სიცოცხლის ფასს და იმის შესაძლებლობას, რომ მეტი სახსრები დაიხარჯოს ჯანდაცვასა და განათლებაზე და ნაკლები - შეიარაღებაზე“, - გაუსვა ხაზი პონტიფიკოსმა.ორშაბათს, საფრანგეთის ქალაქ მეცში გამოსვლისას, პაპმა განაცხადა, რომ ევროპა მზად უნდა იყოს გარკვეულ დათმობებზე წასასვლელად მშვიდობის მისაღწევად.„ჩვენ გვჭირდება, გამოვიჩინოთ სიმამაცე მოლაპარაკებებში და მზად ვიყოთ უარი ვთქვათ გარკვეულ პოზიციებზე მშვიდობის უმაღლესი სიკეთისთვის“, - აღნიშნა მან.პონტიფიკოსმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა უარყოფითი პოზიცია ევროპის სამხედრო ბიუჯეტების ზრდასთან დაკავშირებით, რომლებმაც გასულ წელს ცივი ომის დასრულების შემდეგ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.

მაკა ბოჭორიშვილი

პოლიტიკა • 1790670001

მაკა ბოჭორიშვილი კანადაში ვიზიტზე: ეს ჩვენთვის იყო შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ გაგვეჟღერებინა, თუ რას აკეთებს საქართველო იმისთვის, რომ მხარი დაუჭიროს საერთაშორისო წესრიგს, უკრაინას, უკრაინელ ხალხს და რა ძალისხმევას აკეთებს იმისთვის, რომ უკრაინელი ბავშვებისთვის გარკვეული ნაბიჯები გადადგას

ეს ჩვენთვის იყო შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ გაგვეჟღერებინა, თუ რას აკეთებს საქართველო იმისთვის, რომ მხარი დაუჭიროს საერთაშორისო წესრიგს, უკრაინას, უკრაინელ ხალხს და რა ძალისხმევას აკეთებს საქართველო იმისთვის, რომ უკრაინელი ბავშვებისთვის გარკვეული ნაბიჯები გადადგას, - განუცხადა ქართველ ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა კანადაში.ვიცე-პრემიერმა კანადაში ვიზიტი შეაჯამა.„მნიშვნელოვანია, რომ კანადა არის ის ქვეყანა, რომელსაც ერთგვარად ხელმძღვანელობა აქვს აღებული იმ კოალიციის, რომელიც ფოკუსირდება უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით ჰუმანიტარულ საკითხებზე ნორვეგიასთან ერთად. მსგავსი მინისტერიალი უკვე მეორედ იმართება. საქართველო იყო მიწვეული ამ ღონისძიებაზე კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ და ეს ჩვენთვის იყო შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ გაგვეჟღერებინა, თუ რას აკეთებს საქართველო იმისთვის, რომ მხარი დაუჭიროს საერთაშორისო წესრიგს, უკრაინას, უკრაინელ ხალხს და რა ძალისხმევას აკეთებს საქართველო იმისთვის, რომ უკრაინელი ბავშვებისთვის გარკვეული ნაბიჯები გადადგას.სამწუხაროდ, ბოლო წლებში ისეთი კამპანიები იმართებოდა საქართველოსთან მიმართებით, რომ საქართველოს ეს ძალისხმევა ძირითადად, შეუმჩნეველი რჩებოდა, ან არავინ აკეთებდა ამაზე აქცენტს, უნდა ითქვას, რომ საქართველო არავის ჩამორჩება უკრაინასთან მიმართებაში ჰუმანიტარულ მხარდაჭერაში. არაერთხელ ვუმასპინძლეთ უკრაინელ ბავშვებს. ასობით უკრაინელი ბავშვი ისვენებს ზაფხულობით საქართველოში საზაფხულო ბანაკებში. ამას რამდენიმე ქვეყანა აკეთებს უკრაინისთვის და მათ შორისაა საქართველო. ჰუმანიტარული წესით საქართველოს არაერთხელ გაუწევია დახმარება უკრაინისთვის“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.28-29 სექტემბერს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის მიწვევით, მონაწილეობას იღებს უკრაინელი ბავშვების, დაკავებული მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედრო ტყვეების დაბრუნებისადმი მიძღვნილ მეორე საერთაშორისო კონფერენციაში. ღონისძიების ფარგლებში ასევე დაგეგმილია საგარეო საქმეთა მინისტრის ორმხრივი შეხვედრები.

რუსმა ოკუპანტებმა კიევსა და ოდესაზე მორიგი საჰაერო იერიში მიიტანეს

ომი უკრაინაში • 1790664568

რუსმა ოკუპანტებმა კიევსა და ოდესაზე მორიგი საჰაერო იერიში მიიტანეს - თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და სასწავლო დაწესებულებები

რუსულმა ძალებმა კიევსა და ოდესაზე მორიგი საჰაერო იერიში მიიტანეს. თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და სასწავლო დაწესებულებები.უკრაინის დედაქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, სოლომიანსკის რაიონში ბალისტიკური რაკეტის ნამსხვრევები საცხოვრებელი სახლის ეზოში ჩამოვარდა, მოგვიანებით კი იერიშის შედეგად ხანძარი გაჩნდა სასწავლო დაწესებულების ერთ-ერთ კორპუსში. პეჩერსკის რაიონში ცეცხლი სამსართულიან არასაცხოვრებელ შენობას გაუჩნდა.კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, უპილოტო საფრენი აპარატი სავალ ნაწილზე ჩამოვარდა. ამასთან, გოლოსეევსკის რაიონში ნამსხვრევების დაცემის გამო ხანძარი ხუთსართულიანი შენობის სახურავზე გაჩნდა.კიევის ოლქის ბუჩანის რაიონში, დრონის დარტყმის შედეგად, ცეცხლი მოეკიდა კერძო საცხოვრებელ სახლსა და მეზობელი შენობის სახურავს. საგანგებო სიტუაციების მართვის სახელმწიფო სამსახურის ცნობით, მაშველებმა 300 კვადრატულ მეტრზე მეტ ფართობზე გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაცია შეძლეს. შემთხვევის ადგილებიდან ორი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.ღამის განმავლობაში იერიში განხორციელდა ოდესაზეც. საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგი ლისაკის განცხადებით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი და სასწავლო დაწესებულება. დაშავდა ექვსი ადამიანი, რომელთაგან ორი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.

მაკა ბოჭორიშვილი

პოლიტიკა • 1790662174

მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს იძულებითი გადაადგილება, ოჯახებთან განშორება, ეს გამოცდილება განამტკიცებს საქართველოს რწმენას, რომ საერთაშორისო სამართალი უნდა ქმნიდეს ერთობლივი რეაგირების საფუძველს

საქართველო კიდევ ერთხელ ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მხარს ვუჭერთ მშვიდობის მიღწევისკენ მიმართულ საერთაშორისო ძალისხმევას, გაერო-ს ქარტიით განმტკიცებული პრინციპების შესაბამისად, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ტორონტოში გამართულ მეორე საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მაკა ბოჭორიშვილი ღონისძიებაში, სახელწოდებით – „გზები მშვიდობისკენ: მეორე საერთაშორისო კონფერენცია უკრაინელი ბავშვების, დაკავებული სამოქალაქო პირებისა და სამხედრო ტყვეების დაბრუნების საკითხზე“, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის მიწვევით მონაწილეობს.„უპირველეს ყოვლისა, მსურს, გულწრფელი მადლიერება გამოვხატო კანადის მთავრობისა და, განსაკუთრებით, საგარეო საქმეთა მინისტრის, ანიტა ანანდის მიმართ, ტორონტოში ამ მნიშვნელოვანი მინისტერიალის მოწვევისა და მასპინძლობისთვის.უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომი და მისი შედეგები სცდება ბრძოლის ველს და უდიდეს ტანჯვას აყენებს მშვიდობიან მოსახლეობას. უკრაინელი ბავშვების, დაკავებული მშვიდობიანი მოქალაქეებისა და სამხედრო ტყვეების მდგომარეობა ჩვენს მუდმივ და ერთობლივ ყურადღებას საჭიროებს. რაც დღეს მოვისმინეთ, კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ომი მხოლოდ სიცოცხლის დაკარგვასა და ინფრასტრუქტურის განადგურებით გამოწვეულ ზარალს არ ნიშნავს. ომი მტკივნეულად აისახება გახლეჩილ ოჯახებზე, მშობლიურ სახლებსა და საყვარელ ადამიანებს მოწყვეტილ ბავშვებზე, თავისუფლებაწართმეულ მშვიდობიან მოქალაქეებსა და დაბრუნების მოლოდინში მყოფ სამხედრო ტყვეებზე“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.მისივე თქმით, საქართველოსთვის ეს საკითხები განსაკუთრებით მტკივნეულია.„კონფლიქტისა და ოკუპაციის შედეგად მიღებულმა მძიმე გამოცდილებამ გვასწავლა ომის გრძელვადიანი ჰუმანიტარული შედეგების სიმძიმე. რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის მიმდინარე ოკუპაციამ ასობით ათასი ადამიანი დევნილად აქცია და მათ საკუთარ სახლებში უსაფრთხოდ, ნებაყოფლობით და ღირსეულად დაბრუნების ფუნდამენტური უფლება შეუზღუდა.ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს იძულებითი გადაადგილება, ოჯახებთან განშორება და საზოგადოების ერთმანეთისგან გახლეჩით გამოწვეული ტკივილი. ეს გამოცდილება კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოს რწმენას, რომ საერთაშორისო სამართალი და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი უნდა ქმნიდეს ჩვენი ერთობლივი რეაგირების საფუძველს.საქართველო კიდევ ერთხელ ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ მხარს ვუჭერთ მშვიდობის მიღწევისკენ მიმართულ საერთაშორისო ძალისხმევას, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიით განმტკიცებული პრინციპების შესაბამისად.ამასთანავე, მშვიდობას თან უნდა ახლდეს ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული პრინციპების პატივისცემა. საქართველო კვლავ მტკიცედ იდგება უკრაინელი ხალხის გვერდით და მხარს დაუჭერს საერთაშორისო სამართლის, ადამიანის ღირსებისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიით განმტკიცებული პრინციპების დაცვას“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

რუსეთმა უკრაინაზე ხომალდსაწინააღმდეგო და ბალისტიკურ რაკეტებით იერიში მიიტანა

ომი უკრაინაში • 1790662080

რუსეთმა უკრაინაზე ხომალდსაწინააღმდეგო და ბალისტიკურ რაკეტებით იერიში მიიტანა

29 სექტემბრის ღამეს, რუსეთმა უკრაინაზე იერიშები ხომალდსაწინააღმდეგო და ბალისტიკურ რაკეტებით, ასევე დრონებით მიიტანა.უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა თავდასხმისას „ცირკონი“, „ონიქსი“,  „ისკანდერ-M“ და „S-400“ გამოიყენეს. ამასთან, უწყების ცნობით, უკრაინულმა ძალებმა 152 დრონიდან 109 საჰაერო საშუალება ჩამოაგდო.მედია უკრაინის საჰაერო თავდაცვაზე დაყრდნობით წერს, რომ თავდასხმები 28 სექტემბრის საღამოს 18:00 საათიდან დაიწყო. უკრაინის მიმართ იერიშები რუსეთის ქალაქებიდან, ორიოლიდან, მილეროვოდან და კურსკიდან მიიტანეს. ამასთან, თავდასხმები მიიტანეს დროებით ოკუპირებული დონეცკიდან და დროებით ოკუპირებული ყირიმიდან.როგორც ცნობილია, რუსულმა ძალებმა სამიზნედ 24 ადგილი ამოიღეს, 16 ლოკაციაზე კი ნამსხვრევები ჩამოვარდა. ბალისტიკური რაკეტების საფრთხის გამო კიევსა და უკრაინის რამდენიმე ოლქში საჰაერო თავდასხმის შესახებ გაფრთხილებები გამოცხადდა. იერიშების შედეგად კიევში საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ შენობებში ხანძარი გაჩნდა.

✕