რიკარდ იოზვიაკი

მსოფლიო • 1790788776

რიკარდ იოზვიაკი: ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს, ლუქსემბურგში დაგეგმილ შეხვედრაზე, საქართველოს შესახებ მოკლე დებატებს გამართავენ - შეხვედრაზე მასშტაბური გადაწყვეტილებების მიღება არ იგეგმება და არ არსებობს კონსენსუსი რაიმე სახის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს, ლუქსემბურგში დაგეგმილ შეხვედრაზე, საქართველოს შესახებ მოკლე დებატებს გამართავენ.როგორც „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი იტყობინება, შეხვედრაზე მასშტაბური გადაწყვეტილებების მიღება არ იგეგმება და არ არსებობს კონსენსუსი რაიმე სახის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით.მისივე ინფორმაციით, მომავალში, სავარაუდოდ, კიდევ 12 თვით გაგრძელდება საქართველოს დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების ვადა, რაც მომავალი წლის დასაწყისში იგეგმება.  🇪🇺 foreign ministers will have a short debate on 🇬🇪 when they meet in Luxembourg on 12 oct. no big decisions, no consensus on any sanctions. Going forward there is likely to be an extension of visa lib suspension on 🇬🇪 diplo passports by another 12 months early next year — Rikard Jozwiak (@RikardJozwiak) September 30, 2026

გიორგი ჩაკვეტაძე

პოლიტიკა • 1790611920

გიორგი ჩაკვეტაძე: ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებულმა მიმდინარე სირთულეებმა არ უნდა გააუქმოს დიალოგის სივრცე, პირიქით - ეს პოლიტიკური გარემოებები საპარლამენტო დიალოგს კიდევ უფრო აუცილებელს ხდის, აზრთა სხვადასხვაობის მოგვარება შესაძლებელია

ალბანეთის პარლამენტის ორგანიზებით, ტირანაში გამართულ საპარლამენტთაშორისო კონფერენციაზე - „ევროკავშირის გაფართოება: სტრატეგიული დღის წესრიგი ევროპის მომავლისთვის“, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ჩაკვეტაძე, სიტყვით გამოვიდა.ჩაკვეტაძემ ისაუბრა საქართველოსა და ევროკავშირს შორის დიალოგის აუცილებლობაზე და ამ პროცესში ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების როლზე გაამახვილა ყურადღება.მისივე თქმით, საკითხი უკვე ეხება იმას, თუ როგორ შეუძლია გაფართოებას ევროპის გაძლიერება, ამ კითხვაზე პასუხის გაცემაში კი, პარლამენტებს გადამწყვეტი როლი ენიჭებათ.“ძვირფასო კოლეგებო, პარლამენტები აღარ წარმოადგენენ მხოლოდ კანონშემოქმედებით ინსტიტუტებს. ისინი არიან მოსახლეობასთან დამაკავშირებელი ხიდები, სადაც ევროპული ინტეგრაცია ხვდება დემოკრატიულ ანგარიშვალდებულებას, ეროვნულ პრიორიტეტებსა და ჩვენი საზოგადოებების საჭიროებებს.პარლამენტების ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა დიალოგის, კონსენსუსის მიღწევისა და ურთიერთგაგების სივრცის შექმნა.ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება მაშინ, როდესაც პოლიტიკური შეხედულებები განსხვავდება. ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებულმა მიმდინარე სირთულეებმა არ უნდა გააუქმოს დიალოგის სივრცე ჩვენს პარლამენტებს შორის. პირიქით, ეს პოლიტიკური გარემოებები საპარლამენტო დიალოგს კიდევ უფრო აუცილებელს ხდის. აზრთა სხვადასხვაობის მოგვარება შესაძლებელია, ხოლო ინტერპრეტაციების განსხვავება - განხილვას ექვემდებარება.ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების მიმდინარე მდგომარეობა არცერთი მხარის ინტერესებში არ შედის. შესაბამისად, ნდობის აღდგენა და დიალოგის განახლება ძალიან მნიშვნელოვანია.საქართველო აგრძელებს ასოცირების შესახებ შეთანხმებითა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით (DCFTA) ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების 80%-ზე მეტი უკვე შესრულებულია და ჩვენი ქვეყანა აგრძელებს წვლილის შეტანას გაფართოების ანგარიშგების პროცესში. ჩვენ განვაცხადეთ, რომ 2028 წლისთვის ვალდებულებების 90%-ს შევასრულებთ.ჩვენთვის ევროპული ინტეგრაცია რჩება სტრატეგიულ და კონსტიტუციურ მიზნად. შესაბამისად, ჩვენი ერთგულება არ მოიცავს მხოლოდ ინსტიტუციურ დაახლოებას; ის ასევე გულისხმობს წვლილის შეტანას საერთო მიზანში - რეგიონთაშორისი უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მდგრადობის უზრუნველყოფაში, შავი ზღვის ფართო რეგიონში დაკავშირებადობის განვითარებასთან ერთად.პარლამენტებს შეუძლიათ ხელი შეუწყონ იმას, რომ გაფართოება აღქმული იყოს არა უბრალოდ რეფორმების ტექნიკურ ჩამონათვალად, არამედ საერთო პოლიტიკურ პროექტად, რომელიც გააზრებული და მხარდაჭერილია მოქალაქეების მიერ.მათ ასევე შეუძლიათ უზრუნველყონ, რომ ეროვნული პერსპექტივები ისმოდეს უფრო ფართო ევროპულ დებატებში, იმ დროს, როდესაც ცენტრალურ ადგილს ინარჩუნებს სტრატეგიული მიზანი - უფრო ძლიერი და ერთიანი ევროპა.ქალბატონებო და ბატონებო, საკითხი უკვე აღარ დგას მხოლოდ იმაზე, უნდა გაფართოვდეს თუ არა ევროკავშირი, არამედ იმაზე, თუ როგორ შეუძლია გაფართოებას ევროპის გაძლიერება. ამ კითხვაზე პასუხის გაცემაში პარლამენტებს გადამწყვეტი როლი ენიჭებათ,” - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

სუსი

სამართალი • 1790318605

„თავზე ხელები! დაწექი დაბლა!“ - ვინ არიან სუსის მიერ დაკავებულები (სპეცოპერაციის დეტალები)

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, გარდაბნისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში ჩატარებული სპეციალური ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.სუს-ის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები გაერთიანდნენ ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოში“, ორგანიზაციის ლიდერის წინაშე დადეს ერთგულების ფიცი (ე.წ. ბაიათი) და მის მიმართ გამოხატეს უპირობო მორჩილება.„დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის ერთგულების ფიცის – „ბაიათის“ ხელნაწერი ტექსტი, ბეჭედი ისლამური წარწერით, სხვადასხვა სახის ვაზნები, ხელყუმბარა, კაფსულ/დეტონატორი და ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებასა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებას. დანაშაული სასჯელის სახით 10-დან 17-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ავრცელებს. 

სპეცოპერაცია გარდაბნისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში

სამართალი • 1790318401

VIDEO: სპეცოპერაცია გარდაბნისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში - რა ინფორმაციას ავრცელებს სუსი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, გარდაბნისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში ჩატარებული სპეციალური ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს.გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები გაერთიანდნენ ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოში“, ორგანიზაციის ლიდერის წინაშე დადეს ერთგულების ფიცი (ე.წ. ბაიათი) და მის მიმართ გამოხატეს უპირობო მორჩილება.დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია ტერორისტული ორგანიზაცია ,,ისლამური სახელმწიფოს" ლიდერის ერთგულების ფიცის - ,,ბაიათის” ხელნაწერი ტექსტი, ბეჭედი ისლამური წარწერით, სხვადასხვა სახის ვაზნები, ხელყუმბარა, კაფსულ/დეტონატორი და ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებასა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებას. დანაშაული სასჯელის სახით 10-დან 17-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

ADHD და დემენცია

საზოგადოება • 1790112790

როგორ შევამციროთ დემენციის შემთხვევები 45%-ით - WHO-ს რეკომენდაცია

დემენციის გამომწვევი მიზეზები სრულად ჯერ კიდევ უცნობია, თუმცა მეცნიერები სულ უფრო მეტ ფაქტორს იკვლევენ, რომლებიც მის რისკს ზრდის. კვლევების მიხედვით, დემენციის შემთხვევების მნიშვნელოვანი ნაწილის პრევენცია ან მისი განვითარების გადავადება შესაძლებელია.2024 წელს ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნებული დიდი მიმოხილვის შეფასებით, დემენციის შემთხვევათა 45 პროცენტი ამ კატეგორიაში ჯდება. ახლახან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) გამოსცა განახლებული რეკომენდაციები დემენციის დაწყების პრევენციის ან გადავადების ხელშესაწყობად.2024 წლის მიმოხილვამ გამოავლინა 14 პოტენციურად შეცვლადი რისკფაქტორი, რომლებიც ერთობლივად დაკავშირებულია პოპულაციის დონეზე დემენციის შემთხვევათა დაახლოებით 45 პროცენტთან.„დღეს დემენციის რისკის გამომწვევთა შესახებ უფრო მეტი ვიცით, ვიდრე ოდესმე და ამ სახელმძღვანელოებს ეს ცოდნა მოქმედებაში გადააქვს. ქვეყნებს ახლა აქვთ უფრო მკაფიო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული რეკომენდაციები, რომელთა პრაქტიკაში დანერგვაც დაუყოვნებლივ შეუძლიათ ხალხის კოგნიტური ჯანმრთელობის დასაცავად“, - ამბობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადანომ-გებრეისუსი.ინდივიდისთვის ეს იმას ნიშნავს, რომ ამ რისკფაქტორთა მოგვარებამ შეიძლება შეამციროს მათთვის დემენციის განვითარების რისკი, მაგრამ არ არსებობს ამ შემცირების რაიმე უნივერსალური პროცენტული მაჩვენებელი. 45-პროცენტიანი მაჩვენებელი ერგება პოპულაციას და არა კონკრეტული ერთი პიროვნების რისკს.ზოგიერთი ეს რისკფაქტორი ჩვენს კონტროლქვეშაა, ზოგიერთთა შეცვლა კი გაცილებით რთულია.ბევრი მათგანი ძალიან ნაცნობად მოეჩვენება ყველას, ვისაც ოდესმე მიუღია რეკომენდაციები გულის ჯანმრთელობის შესახებ. იყავით ფიზიკურად და საზოგადოებრივად აქტიური, არ მოწიოთ, თავი აარიდეთ ჭარბ ალკოჰოლს, იკვებეთ ჯანსაღად და აკონტროლეთ სისხლის წნევა, ქოლესტერინი, სისხლში შაქარი და წონა.ეს ყველაფერი ბედნიერი დამთხვევა არაა. თავის ტვინის ჯანმრთელობა მჭიდრო კავშირშია გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობასთან და ის, რაც ერთის ჯანსაღად და ენერგიულად შენარჩუნებაზე მუშაობს, ხშირად მეორეს ემთხვევა.ზოგიერთი რეკომენდაცია შეიძლება ცოტა ნაკლებად მკაფიო იყოს, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი.ბოლო წლებში, სმენის დაქვეითებასა და დემენციას შორის კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულებები გახშირდა. ამაზე მიუთითებს ერთი დიდი კლინიკური კვლევაც, რომელმაც დაადგინა, რომ სმენის აპარატები შეიძლება კოგნიტურ დაქვეითებას თითქმის 50 პროცენტით ამცირებდეს კოგნიტური დაქვეითების მაღალი რისკის მქონე ზოგიერთ ხანდაზმულში.ბოლომდე ცნობილი არ არის, ზუსტად რატომაა დაკავშირებული სმენის დაქვეითება დემენციასთან, მაგრამ მკვლევრები ფიქრობენ, რომ მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ ბგერის დამუშავებისთვის საჭიროა დამატებითი კოგნიტური ძალისხმევა, ასევე ის, სოციალური იზოლაცია, რაც სმენის დაქვეითებას მოსდევს.სხვა რისკფაქტორები ინდივიდუალურ დონეზე არც ისე მარტივად გადასაწყვეტია.მაგალითად, Lancet-ის მიმოხილვის მიერ გამოვლენილ 14 ფაქტორს შორის ერთი არის ადრეულ ასაკში დაბალი საგანმანათლებლო მიღწევები - რისი გამოსწორებაც შეუძლებელია ათწლეულების შემდეგ, როცა დემენციის რისკი უფრო მოახლოებული საფრთხე ხდება.კიდევ ერთი არის ჰაერის დაბინძურება.ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გვირჩევს, შევამციროთ დაბინძურებულ ჰაერში ყოფნა სადაც კი ეს შესაძლებელია, მაგრამ ეს არაა რაღაც ისეთი, რაც ყოველთვის ინდივიდის ან თუნდაც ჯანდაცვის პროვაიდერის კონტროლქვეშაა. შეგიძლია აკონტროლო სახლის შიდა გარემო, მაგრამ ამას ვერ იზამ შენი ქალაქის შემთხვევაში.ამასთან დაკავშირებით, მოდიფიცირებადი დემენციის რისკის იდენტიფიცირება არ არის იგივე, რაც იმის ცოდნა, თუ როგორ შეცვალოთ იგი ისე, რომ რეალურად თავიდან აიცილოთ დემენცია.მაგალითად, მხედველობის დაკარგვა დაკავშირებულია დემენციის რისკთან და მხედველობის პრობლემების მკურნალობა თავისთავად მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისთვის. თუმცა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაადგინა, რომ ჯერ არ არსებობს საკმარისი მტკიცებულება, რათა გასცეს მხედველობის დარღვევის მკურნალობის, როგორც დემენციის რისკის შემცირების სტრატეგიის რეკომენდაცია.მსგავსი რამაა ძილის შემთხვევაშიც. კარგი ხარისხის ძილი მნიშვნელოვანია ზოგადი ჯანმრთელობისთვის; ცუდი ხარისხის ძილი დაკავშირებულია დემენციის რისკთან, მაგრამ ამჟამად არასაკმარისია იმის მტკიცებულება, რომ ჩარევებს ძილის გასაუმჯობესებლად ან ძილ-ღვიძილის დარღვევების სამკურნალოდ, კონკრეტულად დემენციის რისკის შემცირება შეუძლია.და ბოლოს, ზოგიერთ ფართოდ რეკლამირებულ ჩარევაზე საერთოდ არ ღირს ყურადღების გამახვილება - უფრო მეტიც, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კონკრეტულად მათ საწინააღმდეგო რეკომენდაციას გასცემს.ორგანიზაცია ძლიერ რეკომენდაციას გასცემს ვიტამინ B-ს, E-ს, omega-3-ის და მულტივიტამინების ან მინერალების კომპლექსის მიღების წინააღმდეგ, თუკი მათ კონკრეტულად დემენციის თავიდან ასარიდებლად იღებენ, თუკი არ გაქვთ საკვები ნივთიერებების დეფიციტის დიაგნოზი.კლინიკურმა კვლევებმა ვერ აღმოაჩინა დამაჯერებელი მტკიცებულება იმისა, რომ ეს დანამატები კოგნიტური დაქვეითებისგან იცავს და თანაც, დანამატები სულაც არ არის აუცილებლად უვნებელი მხოლოდ იმიტომ, რომ მათში შემავალი საკვები ნივთიერებები აუცილებელია ჯანმრთელობისთვის. მაღალი დოზით, ზოგიერთ მათგანს არასასურველი ან საზიანო ეფექტებიც კი აქვს.თუ დემენციის თავიდან ასაცილებლად უნიკალურ ხერხს, „ერთ უცნაურ ხრიკს“ ან სხვა კოდს ეძებთ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მას იპოვით.როგორც ჩანს, ტვინის ჯანმრთელობის შენარჩუნება, დიდწილად, ნიშნავს მასთან ადამიანის ჯანმრთელობის შენარჩუნებას - მათ შორის მისი გულის, გრძნობების, სოციალური კავშირებისა და გარემოს.როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია შენიშნავს, „დემენციის რისკფაქტორები სისტემურად უნდა განვიხილოთ, რადგან მრავალი რისკი ხშირად თანაარსებობს და გროვდება სიცოცხლის განმავლობაში“.არცერთი რეკომენდაცია არ ნიშნავს იმას, რომ დემენცია მთლიანად პრევენცირებადია ან ვინმეს, ვისაც ყველაფერი „რიგზე აქვს“, ის არ დაემართება. თუმცა, ვინაიდან მსოფლიოში დემენცია უკვე მილიონობით ადამიანს აქვს, სამომავლო შემთხვევათა რაღაც ნაწილის გადავადებაც კი უზარმაზარ სხვაობას მოგვცემს.

ჰაკან ფიდანი

მსოფლიო • 1789576094

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიუღებელი უწოდა სამოქალაქო გემებზე თავდასხმებსა და რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შავ ზღვაზე გავრცელებას

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა მიუღებელი უწოდა სამოქალაქო გემებზე თავდასხმებსა და რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შავ ზღვაზე გავრცელებას.„ჩვენ მიუღებლად მიგვაჩნია ომის გავრცელება შავ ზღვაზე, ასევე საფრთხის შექმნა ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჩვენი კომპანიების საქმიანობისთვის“, - განაცხადა ფიდანმა.მინისტრმა შეახსენა დამსწრეებს, რომ ანკარა რუსეთ-უკრაინის ომის დასაწყისიდანვე დიდ ძალისხმევას მიმართავს იმისკენ, რომ შავი ზღვა კონფლიქტის მიღმა დარჩეს.თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ შეტაკებების გაგრძელებასთან ერთად, მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლი და ნგრევა ყოველდღიურად იზრდება.მისი თქმით, სრუტეების შესახებ მონტრეს კონვენციის გულდასმით გამოყენებისა და შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის განხორციელების წყალობით, იმ ძალისხმევას, რომ შავ ზღვას არ შეხებოდა კონფლიქტის შედეგები, ფარდობითი შედეგი მოჰქონდა.„თუმცა, ბოლო თვეებში შავ ზღვაში სამოქალაქო გემებზე გახშირებული თავდასხმები სერიოზულად უთხრის საფუძველს რეგიონში სიცოცხლისა და ქონების, ნაოსნობისა და გარემოს უსაფრთხოებას. სამწუხაროდ, ამ თავდასხმების შედეგად დაიღუპნენ ჩვენი მეზღვაურებიც - თურქეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეები. ომის გავრცელება შავ ზღვაზე, საფრთხის შექმნა ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჩვენი კომპანიების მუშაობისთვის - მიუღებელია“, - გაუსვა ხაზი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.ჰაკან ფიდანმა აღნიშნა, რომ კონფლიქტის მხარეებმა ამასთან დაკავშირებით საჭირო გაფრთხილებები მიიღეს.თუ გამოვლინდება პოლიტიკური ნება და მხარეები კეთილსინდისიერად იმოქმედებენ, შესაძლებელია საერთო ენის გამონახვა კონსენსუსის მიღწევისთვის, თქვა მინისტრმა.

ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა • 1789571400

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირად შემადგენლობას სამსახურის ახალი უფროსი, თამაზ ბორაშვილი წარუდგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირად შემადგენლობას სამსახურის ახალი უფროსი, თამაზ ბორაშვილი წარუდგინა.მთავრობის მეთაურმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს ღირსეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და თამაზ ბორაშვილის გამოცდილებაზე გაამახვილა ყურადღება. პრემიერმა ასევე წარმატებები უსურვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელ გეკა გელაძეს, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის ერთ-ერთი უმთავრესი სტრუქტურა, რომელზეც დგას ჩვენი სახელმწიფოს ინტერესების დაცვა, ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების დაცვა. რა თქმა უნდა, ამაში თითოეული თქვენგანის წვლილი არის განსაკუთრებულზე განსაკუთრებული და კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ ღირსეული სამსახურისთვის. მე მინდა, ბატონ გეკა გელაძეს გადავუხადო უდიდესი მადლობა მისი სამსახურისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ღირსეული ხელმძღვანელობისთვის.მინდა, ხაზი გავუსვა ბატონი გეკა გელაძის პიროვნულ თვისებებს - ის არის გამორჩეული არამხოლოდ პროფესიონალი, არამედ მას გამოარჩევს, პირველ რიგში, ადამიანური თვისებები, გამორჩეულად კეთილსინდისიერი ადამიანია და მინდა, მას წარმატებები ვუსურვო. ბატონი თამაზ ბორაშვილი არის ამ სისტემის კარიერული წარმომადგენელი, რასაც აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. როდესაც 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ემსახურები ამ საქმეს, რა თქმა უნდა, ასეთ დროს გროვდება განსაკუთრებული ცოდნა, გამოცდილება და ეს არის ის, რაც ძალიან დაეხმარება ხელისუფლებას ამ ინსტიტუტის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებაში. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ინსტიტუცია მუდმივად უნდა ვითარდებოდეს და ეს შეეხება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსაც. მას აქვს ძალიან მდიდარი გამოცდილება, თანმიმდევრული წინსვლა თავის კარიერაში და, რა თქმა უნდა, ასეთი თანმიმდევრული და მუდმივი წინსვლა არ ხდება დამსახურების, განსაკუთრებული თვისებების, პროფესიონალიზმის გარეშე. სწორედ ეს თვისებები იყო ის, რაც გახდა საბოლოო ჯამში გუნდის გადაწყვეტილების საფუძველი”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.სუსის ახლად არჩეულ უფროსს წარმატებები უსურვა უწყების ყოფილმა ხელმძღვანელმა. გეკა გელაძემ ნდობისა და მხარდაჭერისთვის პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა.„ბატონო პრემიერო, დიდი მადლობა იმ მხარდაჭერისა და ნდობისთვის, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში თქვენი მხრიდან ჩემ მიმართ იყო. იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაზე აისახებოდა და ის მიღწევები, სტრუქტურული, შინაარსობრივი თუ უსაფრთხოების კომპონენტის გაძლიერება, სწორედ ამის დამსახურებაა. მინდა მივულოცო ბატონ თამაზ ბორაშვილს ახალი თანამდებობა. მოგეხსენებათ, ეს ინსტიტუცია არის ერთი განსაკუთრებული ოჯახი, აქვს თავისი განსაკუთრებული ცხოვრების წესი, კულტურა და სწორედ ამ წიაღიდან არის ბატონი თამაზი. იგი მრავალი წლის განმავლობაში საქმიანობდა აქ და დარწმუნებული ვარ, ძალიან ღირსეულად გაუძღვება და კიდევ უფრო გააძლიერებს ამ ინსტიტუციას. ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო, თქვენთან ერთად მეკეთებინა საქმე და ამავე დროს საამაყო იყო, რომ ვხელმძღვანელობდი ამ ძალიან ძლიერ ინსტიტუციას”, - განაცხადა გეკა გელაძემ.მთავრობის მეთაურს და პარლამენტს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა თამაზ ბორაშვილმა.„პირობას ვდებ, გაორმაგებული ძალებით, ამ ძლიერ გუნდთან ერთად, ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და ჩვენი სამსახურის გაძლიერებისთვის, რათა უკეთესად გადავჭრათ ის ამოცანები, რომლებიც ყოველდღიურად ჩვენს ქვეყანას უდგას გამოწვევის სახით. მინდა, პირად შემადგენლობას უდიდესი მადლობა გადავუხადო. აქ არცერთი ისეთი ადამიანი არ ზის, რომელიც ჩემთვის უცხოა. ჩვენ მრავალი წელია ერთად ღირსეულად ვემსახურებით ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას. დიდ მადლობას გიხდით ამისთვის - სრულ შემადგენლობას, რომელიც 24 საათის განმავლობაში მუხლჩაუხრელად შრომობს ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის. ​მადლობა ბატონ გეკას ღირსეული სამსახურისთვის. წარმატებას გისურვებთ ახალ გამოწვევებში”, - აღნიშნა თამაზ ბორაშვილმა.საქართველოს პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად თამაზ ბორაშვილი 83 ხმით დღეს დაამტკიცა.

მარიამ ბერძენიშვილი

სამართალი • 1789571334

„თუ გრიგოლ ლილუაშვილი სურვილს გამოთქვამს საპროცესო შეთანხმების გაფორმების, თუ სახეზე გვექნება აღიარება, ბუნებრივია, ჩვენც შესაბამისად განვიხილავთ ამ განცხადებას“ - პროკურორი

სუსის ყოფილ უფროსს გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ გამოცხადდა.პროკურორი, მარიამ ბერძენიშვილი საუბრობს, რომ საქმეში დევს არა ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს გრიგოლ ლილუაშვილის ბრალეულობას. მათ შორის, პროკურორის განცხადებით, საქმეში არსებობს მოწმეთა ჩვენებები. მისი თქმით, თუ გრიგოლ ლილუაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმების სურვილს გამოთქვამს, შესაბამისად განიხილება ეს განცხადება.„პირველი ეპიზოდი, რომელსაც ვედავებოდით, არის ბაგა ბაღების მართვის სააგენტოსთან დაკავშირებული ეპიზოდი. საიდანაც გარკვეული დანაშაულებრივი სქემის მფარველობისთვის, გრიგოლ ლილუაშვილი იღებდა ქრთამს. მეორე ეპიზოდი, რომელიც ეხება ე.წ. ქოლ-ცენტრების მფარველობას, რისთვისაც ასევე ის იღებდა ქრთამს.დარჩენილი ორი ეპიზოდი ეხება უშუალოდ ქარის ელექტროსადგურებისა და გაზიფიცირების საკითხს, საკითხის ლობირებისათვის მიღებულ ქრთამს.ოთხივე ჩემს მიერ დასახელებულ ეპიზოდში სასამართლომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი უკვე მსჯავრდებულ გრიგოლ ლილუაშვილის მიმართ და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა. ეს საქმე გამოირჩეოდა მოწმეთა სიმრავლით. ამ მოწმეებმა სასამართლოს მიაწოდეს ის ინფორმაცია, რაც ერთმანეთთან მოდიოდა თანხვედრაში და ასევე საქმეში არსებულ სხვა ხასიათის მტკიცებულებებთან მოდიოდა თანხვედრაში.სამართლიანი სასამართლოს უფლება ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად გარანტირებულად დაცული იყო მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე. მე არაერთხელ აღმინიშნავს, რომ დაცვის მხარეს აბსოლუტურად ყველანაირი კანონით გათვალისწინებული ბერკეტი, რაც არსებობს, ყველაფრით შეეძლოთ ესარგებლათ. ისინი არცერთ ეტაპზე არ შეზღუდულან რაიმე გარემოებით და თუ ის სურვილს გამოთქვამს საპროცესო შეთანხმების გაფორმების, თუ სახეზე გვექნება აღიარება, ბუნებრივია, ჩვენც შესაბამისად განვიხილავთ ამ განცხადებას,“ - აცხადებს მარიამ ბერძენიშვილი.

თამაზ ბორაშვილი

პოლიტიკა • 1789547740

პარლამენტმა სუსის ხელმძღვანელად თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა დაამტკიცა.ბორაშვილს მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი – არცერთი.ცნობისთვის, სუს-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გეკა გელაძემ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა 14 სექტემბერს დატოვა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ახალი ხელმძღვანელის პოსტზე თამაზ ბორაშვილი წარადგინა.

თამაზ ბორაშვილი

პოლიტიკა • 1789480806

პარლამენტი სუსის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას ხვალ უყრის კენჭს

XI მოწვევის პარლამენტი, 16 სექტემბრის პლენარულ სხდომაზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალ ხელმძღვანელს კიდევ ერთხელ აირჩევს. სუს-ის უფროსის არჩევა მოქმედი პარლამენტის დღის წესრიგში მესამედ დგება.14 სექტემბერს სუს-ის უფროსმა გეკა გელაძემ თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე განცხადება გააკეთა. მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ სუს-ის ახალი ხელმძღვანელად თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა წარადგინა. ბორაშვილს ჯერ პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტში მოუსმენენ, შემდეგ მის კანდიდატურას პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს.კანონის თანახმად, სუსის უფროსი უფლებამოსილების 6-წლიანი ვადით აირჩევა.

ევროკომისია

მსოფლიო • 1789459295

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოქმედების ვადა ერთი კვირით გაახანგრძლივა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოქმედების ვადა მხოლოდ ერთი კვირით გაახანგრძლივა. შეფერხების მიზეზი წევრ სახელმწიფოებს შორის არსებული უთანხმოებაა. სანქციების რეჟიმის სრულად განახლებას საფრანგეთი და სლოვაკეთი ბლოკავენ.ოფიციალური პარიზი რუსი მილიარდერის, ალიშერ უსმანოვის სიიდან ამოღებას ითხოვს, რასაც ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებით ხსნის. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, საფრანგეთის პოზიცია აზერბაიჯანთან შესაძლო გარიგებას უკავშირდება. ბაქო უსმანოვის ინტერესებს ლობირებს, პარიზს კი, სანაცვლოდ, აზერბაიჯანში დაკავებული ფრანგი ბიზნესმენის გათავისუფლება სურს.ევროკავშირის დანარჩენი 25 წევრი ქვეყანა ამ დათმობას ეწინააღმდეგება. მხარეებს კონსენსუსის მისაღწევად ვადა 22 სექტემბრამდე აქვთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სანქციები 3 000-მდე ფიზიკურ და იურიდიულ პირს ავტომატურად გაუუქმდება.

ირაკლი კირცხალია

პოლიტიკა • 1789410900

ირაკლი კირცხალია - მთელი ჩემი გუნდის სახელით მინდა დიდი პატივისცემა და მადლიერება დავაფიქსირო გეკა გელაძის და მისი საქმიანობის მიმართ

პირადად მე და მთელი ჩემი გუნდის სახელით მინდა დიდი პატივისცემა და მადლიერება დავაფიქსირო გეკა გელაძის და მისი საქმიანობის მიმართ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.ირაკლი კირცხალიამ წარმატება უსურვა გეკა გელაძეს და თამაზ ბორაშვილს, რომელიც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სუსის უფროსად წარადგინა.„გეკა გელაძეს ვუსურვებ ძალიან დიდ წარმატებას ყველა იმ მიმართულებაში, რომელ მიმართულებაშიც ის გადაწყვეტს საქმიანობას. ასევე მინდა მივულოცო თამაზ ბორაშვილს ეს უმნიშვნელოვანესი და საპასუხისმგებლო საქმიანობა და როგორც ბატონმა პრემიერმა დღეს ბრიფინგზე აღნიშნა, ნამდვილად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ უახლოეს ისტორიაში უპრეცედენტოა, რომ ამდენი წლის სტაჟით მოდის ადამიანი იმ უწყების ხელმძღვანელად, რომელ უწყებასაც ამდენი წლის განმავლობაში ემსახურებოდა. მინდა მას დიდი წარმატება ვუსურვო“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გეკა გელაძემ თანამდებობა დატოვა.

✕